25.02.2021 | 17:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
info@obieqtivi.net
დღის სიახლეები
საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება [ვიდეო]

 დღის პირველ ნახევარში პოლიტიკაში დაწყებული მოულოდნელობები, საღამოსაც გაგრძელდა. ქართულ ოცნებაში შეკრება ხვალისთვის დააანონსეს, თუმცა პროცესი დააჩქარეს და მომავალი პრემიერის კანდიდატურაზე დღესვე იმსჯელეს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება საზოგადოებას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გააცნო. ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. მისი ძლიერი მხარეების შესახებ ხაზგასმით ისაუბრა, თუმცა საუბრის პათოსი მისი დილანდელი განწყობისგან განსხვავებული აღმოჩნდა, რაც მის სახეზე ნამდვილად იკითხებოდა.

 

პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ წარდგენილმა ღარიბაშვილმა წესრიგის და წონასწორობის მალე აღდგენა დააანონსა. არ დაუმალავს, რომ დღევანდელი დღე მისთვის ემოციურია.

 

 ღარიბაშვილის მიერ განვლილი  პოლიტიკური გზა პრემიერ მინისტრობასთან ერთად მის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასაც მოიაზრებს, სწორედ მისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო საგამოძიებო უწყებამ ბოლო დროის ყველაზე რეზონანსულ, დავით გარეჯის საქმეზე გამოძიება.   ირაკლი ღარიბაშვილი იყო პირველი პოლიტიკოსი, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა პოსტიდან წასვლის შემდეგ პრემიერის თანამდებობა ანდო. მანამდე ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, თანაც საკმაოდ რთულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ  ღარიბაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას მუდმივად ღიად აფიქსირებდა, სწორედ მისი მინისტრობის დროს განადგურდა ადამიანის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ათასობით ვიდეომასალა. პრემიერ მინისტრის თანამდებობასთან ერთად ბიძინა ივანიშვილმა ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარეობაც ანდო. მას მთავრობის მეთაურის პოსტი ორი წლის განმავლობაში, 2013 წლიდან 2015 წლამდე ეკავა.  არქივში ინახება მისი განცხადებები, სადაც მარიხუანას დეკრმინილიზაციას ეწინააღმდეგება, ღარიბაშვილს ასევე სურდა კონსტიტუციაში ერთ-ერთ პუნქტად შესულიყო ის რომ, ოჯახი აუცილებლად ქალისა და მამაკაცის ერთობაა.  სწორედ მისი პრემიერობის წლებში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

 

ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელად დაბრუნებას გამოეხმაურნენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის გენერალური მდივნის თქმით, "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოში არსებული დაპირისპირების მიუხედავად ღარიბაშვილი სხვა დანარჩენილი პოლიტიკოსების გავლენის ქვეშ არ მოექცევა და დამოუკიდებლად იმოქმედებს. იმედოვნებს, რომ ღარიბაშვილი პოლიტიკურ პროცესებს ცივი გონებით შეაფასებს.

 

თუმცა ერთი ნამდვილად ფაქტია, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ფიგურის პრემიერად დაბრუნება ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს, რომ ივანიშვილი კვლავ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველია და მთავარ გადაწყვეტილებებსაც სწორედ ის იღებს.

გამოქვეყნდა 6 დღის წინ  |  ნანახია 76-ჯერ
დღის გადაცემები