04.10.2022 | 04:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლო განაჩენით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ასევე დამანაშავედ იქნა ცნობილი ორი იურიდიული პირი.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა ვებ-გვერდი დაარეგისტრირა, რომლის მეშვეობითაც ფიზიკურ პირებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის კანონიერი გზით მიღებაში დახმარებას სთავაზობდა. აღნიშნული სქემით, მსჯავრდებული მოტყუებით დაახლოებით, 250 000 აშშ დოლარს დაეუფლა.

შემდგომში, ფულის გათეთრების მიზნით, მან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხების მრავალჯერადი ფიქტიური საბანკო ტრანზაქციებით, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა.

სასამართლო განაჩენით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიუხედავად იმისა, რომ მისი საწარმოს საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება და ბიუჯეტის წინაშე ანგარიშსწორება ევალებოდა, საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულადა 380 000 ლარის ოდენობით გადასახადს თავი აარიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დიდი ოდენობით თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე დამნაშავედ სრულად ცნო და სასჯელის სახედ და ზომად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 200 000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა: თბილისში, ჟვანიას ქუჩა №88-ში მდებარე №53 საცხოვრებელი ბინა (56.95 კვ.მ.) და ამავე მისამართზე მდებარე სამი ავტოფარეხი - ჯამში 48.56 კვ.მ., ასევე, 188 200 ლარის ღირებულების ავტომანქანები - SUBARU FORESTER და CADILLAC ESCALADE და საბანკო ანგარიშებზე დაყადაღებული 77 000 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დამნაშავედ იქნა ცნობილი ასევე, მსჯავრდებულის მიერ დაფუძნებული ორი იურიდიული პირი, რომელთაც ეკონომიკური საქმიანობის უფლება უვადოდ ჩამოერთვათ და თითოეულს 200 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ" - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები