18.08.2022 | 01:59
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეკა ლალიაშვილი: "მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება - დაღუპულთა 14,5 %-ით ზრდა მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ"

2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 1 194 დედაქალაქში მოხდა, დაშავდა 1 456, ხოლო დაიღუპა 34 პირი. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 408 მოზარდმა ტრავმა მიიღო.

2021 წლის ამავე ორი კვარტლის განმავლობაში 2762 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 189, ხოლო დაშავდა 3593 ადამიანი.

"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები 7%-ით შემცირდა.

"მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება.

საერთაშორისო გამოცდილება "უსაფრთხო სისტემის" (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე", - აცხადებს "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

დღის გადაცემები