28.06.2022 | 00:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
სტაჟირების პროგრამის 85 კურსდამთავრებული მებაჟე ოფიცრად დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში 85 წარმატებული სტაჟიორი მებაჟე ოფიცრად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სწავლებისთვის სტაჟიორებმა 3 ეტაპიანი კონკურსი გაიარეს. კანდიდატები პროფესიული ტესტირების და გასაუბრების წარმატებით გადალახვის შედეგად შეირჩნენ. 7 თვიანი ინტენსიური თეორიული მომზადების კურსისა და პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, სწავლების პროგრამაში მონაწილეები მებაჟე ოფიცრის უფლებამოსილებას გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახორციელებდნენ.

სასწავლო პროგრამა, რომელშიც 101 კანდიდატი მონაწილეობდა, ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ორგანიზებით, ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სპეციალური სასწავლო პროგრამით და ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მხარდაჭერით წარიმართა.

"ახლად დანიშნულ თანამშრომლებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა მოადგილეებთან და სტაჟიორთა შესარჩევი კომისიის წევრებთან ერთად შეხვდა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მონაწილეებს სტაჟირების პროგრამის წარმატებით დასრულება და მებაჟე ოფიცრებად დანიშვნა მიულოცა.

შემოსავლების სამსახურში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს სტაჟირების სხვადასხვა პროგრამა, რაც უწყებაში ახალგაზრდა, პროფესიონალი და ენერგიული კადრების მოზიდვას უწყობს ხელს. აქვე აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახურში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ახალი აპლიკაციების მიღება 25 ივნისის ჩათვლით https://rs.ge/Vacancy არის შესაძლებელი.

სტაჟირების პროგრამის მიზანს ღია კონკურსის გზით საუკეთესო თანამშრომლების შერჩევა წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ახალი კადრების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია - კანდიდატების პროფესიული ცოდნა, უნარები და მაღალი მოტივაცია", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

გამოქვეყნდა 5 დღის წინ  |  ნანახია 12-ჯერ
დღის გადაცემები