19.04.2024 | 23:00
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა

1-ელი დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ცნობით, ოთხ ათეულ წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოში აივ/შიდსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, დაავადების მკურნალობაში უდიდესი პროგრესის მიუხედავად, დღეისათვის აივ/შიდსი კვლავ რჩება განუკურნებელ, მაგრამ მართვად ინფექციად და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ პრობლემად.

"სწორად ამ პრობლემასთან გამკლავების, საზოგადოების ინფორმირების და აივ ინფიცირებული ადამიანების უფლებების დაცვის მიზნით, მსოფლიო 1988 წლიდან ყოველწლიურად 1-ელ დეკემბერს აღინიშნავს, როგორც შიდსის მსოფლიო დღეს. ამ დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია სამოქალაქო სექტორთან ერთად აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აწყობს" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შიდსის ცენტრის ცნობით, 1-ელი დეკემბერი არის დღე, როდესაც ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ. საქართველო უკვე 31-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნაში.

"შიდსის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2022 წლის თემაა: "ჩავიტაროთ ტესტირება, მივაღწიოთ თანასწორუფლებიანობას და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია".

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წლისთვის იმ 52 ქვეყანაში, სადაც აივ ინფიცირებულთა 43% ცხოვრობს, ჯანდაცვისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ხარჯების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც გამოიწვევს ამ მიმართულებით არსებული უკმარისობის და უთანასწორობის კიდევ უფრო გაზრდას. აივ/შიდსთან არსებული რისკების გათვალისწინებით, დონორმა ქვეყნებმა დაუყოვნებლივ უნდა გაზარდონ აივ ინფექციის პრევენციის ფინანსური პრიორიტეტები. გაორმაგებული ძალისხმევა იქნება საჭირო აივ ინფექციის როგორც პრევენციის, ასევე მკურნალობის ხელმისაწვდომობის მიმართულებით უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

2022 წლის UNAIDS - გაეროს შიდსის პროგრამის ყოველწლიური გლობალური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოში აივ ინფექციით მცხოვრები პირების რაოდენობამ 38,4 მლნ შეადგინა. მათ შორის – 1,7 მლნ 0-14 წლის ბავშვია. მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ; დაფიქსირდა აივ ინფექციის 1,5 მლნ ახალი შემთხვევა; შიდსთან ასოცირებულმა სიკვდილის შემთხვევებმა 650 000 შეადგინა; აივ პანდემიის დაწყებიდან დღემდე აივ ინფექციით სულ 84,2 მლნ ადამიანი დაავადდა და 40,1 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა; ანტირეტროვირუსული მკურნალობა აივ ინფექციით მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 75%–თვის არის ხელმისაწვდომი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე, შიდსის ცენტრის განმარტებით, მიუხედავად COVID-19-ის გამოწვევისა, შიდსის საერთაშორისო დღე არ კარგავს თავის აქტუალობას და კიდევ ერთხელ ახსენებს როგორც ქვეყნების მთავრობებს, ისე საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ აივ ინფექცია ისევ ტვირთად აწევს არა მარტო აივ დადებით პირებს და მათი ოჯახის წევრებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას.

"დღეისათვის საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით. 2022 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9714 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7257 – მამაკაცი და 2457 – ქალია. 2059 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს დაფიქსირებულია აივ ინფექციის 552 ახალი შემთხვევა, შარშან შესაბამის პერიოდში კი გამოვლინდა 492 ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსულ თერაპიას იტარებს 5968 პაციენტი, მათ შორის 43 ბავშვია. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 33.5 % - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 51.5 % - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.8 % - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან; 1.2 % - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.4 % - სისხლის რეციპიენტია; 0.6 % - გადაცემის გზა დაუდგენელია.

რაც შეეხება აივ/შიდსით რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიულ განაწილებას: აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში (3659 შემთხვევა, მათგან 99 უცხოეთის მოქალაქეა; 2 დაუდგენელი); შემდეგ სამეგრელოში 1264; იმერეთში 1169; აჭარაში 1130; აფხაზეთში (546); კახეთში (484) ქვემო ქართლში (578); შიდა ქართლში (374); გურიაში (208); სამცხე- ჯავახეთში (137) და ა.შ.

აივ ინფექციის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა პაციენტის ადრეულ გამოვლენაზე/დიაგნოსტირებაზე, ეფექტიან მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამყარებული. აივ ინფექციის პანდემიის დამარცხება შესაძლებელი იქნება, თუ ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, მოიცავს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი სამიზნე (რისკის) ჯგუფების დიდ ნაწილს და ფოკუსირებული იქნება აივ ინფექციის გადაცემის ყველა შესაძლო გზის შეჩერებაზე.

ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია! აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

შიდსის ცენტრის ცხელი ხაზი - 2 39 80 18" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები