19.04.2024 | 23:04
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
BBC: "რატომ არ გააფრთხილა რუსეთის თავდასხმის შესახებ ზელენსკიმ უკრაინელები?" ძირითადი აქცენტები Washington Post-ის გამოძიებიდან

რამდენიმე დღით ადრე, სანამ რუსული ტანკები უკრაინის საზღვარს გადალახავდნენ და კიევისკენ დაიძრებოდნენ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოქალაქეებს ურჩია, არ ენერვიულათ და "მაისის მწვადებისთვის" მომზადებულიყვნენ. თუმცა იმ დროისთვის, დასავლური მედია თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით კრემლის "გიჟურ გეგმებზე" გამუდმებით წერდა.

რა ხდება?
The Washington Post-მა გამოაქვეყნა ვრცელი გამოძიება, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მიიღო ოფიციალურმა კიევმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის მზადების შესახებ ინფორმაცია და როგორ არ ჰქონდათ მათ შესაბამისი რეაგირება. გამოცემის ჟურნალისტები შეერთებული შტატების, უკრაინის, ევროპისა და ნატოს მაღალჩინოსნებიდან 30-ზე მეტ წყაროს გაესაუბრნენ. თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ანონიმურობის შენარჩუნება ითხოვა.

გარდა ამისა, The Washington Post-მა თავად პრეზიდენტ ზელენსკისთანაც ჩაწერა ინტერვიუ, რომელშიც შეეცადა აეხსნა, თუ რა მოტივებით ხელმძღვანელობდა, როდესაც გადაწყვიტა, მოსალოდნელი სრულმასშტაბიანი ომის შესახებ მოსახლეობისთვის ბოლო მომენტამდე არ ეცნობებინა. აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ძირითადი აქცენტები BBC-მ შეაჯამა.

"ჭკვიანი ქვეყანა ასეთ რამეზე წასვლას ვერ შეძლებდა"
The Washington Post-ის ცნობით, გასული წლის ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში დაზვერვის, სამხედრო სარდლობისა და დიპლომატიური სექტორის ხელმძღვანელებთან სასწრაფო შეხვედრა გამართა. ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის მომზადების შესახებ დაზვერვისგან მიღებულ ინფორმაციას ეძღვნებოდა. დაზვერვის ანგარიში ბოლოდროინდელ სატელიტურ სურათებს, წყაროებთან საუბრებსა და მოპოვებულ ინფორმაციებს ეფუძნებოდა. შემოდგომაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის საკითხზე ზედიზედ რამდენიმე შეხვედრა გამართა. გამოცემასთან საუბარში რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ იმ დროს თეთრ სახლში მყოფ ზოგიერთ პირს რუსეთის ლიდერის ამბიციების მასშტაბის გაცნობიერება გაუჭირდა. მათ არ სჯეროდათ, რომ "ჭკვიან ქვეყანას ასეთ რამეზე წასვლა შეეძლო".

The Washington Post-ის ცნობით, აშშ-ს დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსული ჯარები უკრაინის უმეტესი ნაწილის დაკავებას იმედოვნებდნენ. კერძოდ, ბელარუსის ტერიტორიიდან დაძვრის შემდეგ, კიევის ალყაში მოქცევა 3-4 დღეში იგეგმებოდა. რუსეთის სპეცდანიშნულების დანაყოფს უნდა ეპოვა ვოლოდიმირ ზელენსკი, ჩამოეშორებინა ის ხელისუფლებისთვის და მის ნაცვლად, კრემლისადმი ლოიალურად განწყობილი მარიონეტული რეჟიმი დაენიშნა. პარალელურად, რუსეთის ჯარები აღმოსავლეთიდან დაიძრებოდნენ და ცენტრალურ უკრაინას დნეპრამდე გაივლიდნენ, ყირიმის ჯარები კი სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს დაიკავებდნენ. კრემლის გეგმის მიხედვით, ეს საომარი მოქმედებები შეიძლებოდა რამდენიმე კვირას გაგრძელებულიყო. გადაჯგუფებისა და შეაიარაღების განახლების შემდეგ, რუსები უნდა დაძრულიყვნენ დასავლეთით, პირობითი ხაზისკენ, რომელიც სამხრეთით მოლდოვასა და ჩრდილოეთით ბელარუსს შორის მდებარეობს.

ამასთანავე, დასავლეთ უკრაინაში რუსული ოკუპაციისგან თავისუფალი მხოლოდ მცირე ტერიტორია უნდა დარჩენილიყო. The Washington Post-ის ცნობით, პუტინის თქმით, იქ „გამოუსწორებელი ნეონაცისტი რუსოფობები" ცხოვრობენ. აშშ-ის დაზვერვის ეს მონაცემები უკრაინის ხელმძღვანელობას გადაეცა, მაგრამ კიევში ამ ინფორმაციას სკეპტიკურად მიუდგნენ, - ნათქვამია The Washington Post-ის სტატიაში. საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ეს იმით ახსნა, რომ უკრაინამ დეტალები მოითხოვა, მაგრამ არ მიაწოდეს.

12 იანვარს, CIA-ს ხელმძღვანელი უილიამ ბერნსი კიევში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა და უთხრა, რომ დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის დედაქალაქზე ელვისებურ დარტყმასა და ცენტრალური ხელისუფლების ჩამოგდებას აპირებდა. შეერთებულმა შტატებმა ასევე ივარაუდა, რომ რუსეთი სამხედროების ჩამოსმას ჯერ კიევის ერთ-ერთ გარეუბანში - გოსტომელის აეროდრომზე შეეცდებოდა, შემდეგ კი უკრაინის დედაქალაქზე თავდასხმას დაიწყებდა. ეს პროგნოზი გამართლდა: უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ჯარების ერთ-ერთი პირველი ოპერაცია სწორედ გოსტომელის აეროდრომის დაკავების მცდელობა იყო. როგორც Washington Post-ი წერს, თეთრ სახლში გამართულ საიდუმლო შეხვედრაზე ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ან უნდა შეეკავებინათ ან წინააღმდეგობა გაეწიათ და შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლად არ უნდა ემოქმედა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის - ჯეიკობ სალივანის თქმით, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა მოსკოვში შუამავალი გაეგზავნა, რათა პუტინი უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით გაეფრთხილებინა. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე ბრძანა, რომ დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მოკავშირეებისთვის გაეცნოთ და დაერწმუნებინათ ისინი, რომ რუსეთის ფედერაციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და უკრაინის დახმარება აუცილებელია.

"ქვეყანაში ქაოსი იქნებოდა"
The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვოლოდმირ ზელენსკიმ აღიარა, რომ მან შეერთებული შტატებისგან რუსული საფრთხის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად მიიღო. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა, რომ იანვარში ის CIA-ს ხელმძღვანელ ბერნსსაც შეხვდა. ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მისი ომის წინა პოლიტიკა სწორი იყო. "მე არ ვარ მზად ვისაუბრო იმ ყველაფერზე, რაც მაშინ ბერნსმა მითხრა. თუმცა მისი მთავარი სიგნალი იყო ის საფრთხე, რომელიც ჩემს სიცოცხლეს ემუქრებოდა. და ეს არ იყო პირველი სიგნალი: სიგნალი მოდიოდა ყველა მხრიდან - ჩვენი სპეცსამსახურებისგან, უცხოელი კოლეგებისგან და ასე შემდეგ", - განუცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ამერიკულ გაზეთს.

ზელენსკი განმარტავს, რომ ამ საფრთხეზე ქვეყნის მოქალაქეებთან არ უსაუბრია, რათა არ დაეთესა ქაოსი და არ გამოეწვია ეკონომიკური პრობლემები. ამის მაგალითად კი მან შემდეგი მაჩვენებლები მოიყვანა: ახლა უკრაინა ომის გამო თვეში 5-7 მილიარდ ამერიკულ დოლარს კარგავს. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ზამთარში და გათბობის სეზონზე ქვეყანა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლებდა. "თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ მითხრათ: "აჰა, ახლავე უნდა დაიწყოთ ხალხის მომზადება და უთხრათ, რომ დაზოგონ ფული და მოაგროვონ საკვები. “ ჩვენ რომ ასეთი რამ გვეთქვა (და ეს არის ის, რაც სურდათ ზოგიერთებს, რომელთაც მე არ დავასახელებ) მაშინ თვეში 7 მილიარდ დოლარს გასული წლის ოქტომბრიდან დავკარგავდით. იმ მომენტისთვის კი, როდესაც რუსები მართლაც თავს დაგვესხნენ, სამ დღეში დაგვიპყრობდნენ. შემოსევამდე ხალხში ქაოსი რომ დაგვეთესა, რუსები შეგვჭამდნენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მისი გადაწყვეტილება სწორი იყო და ამტკიცებს, რომ ეს მის ქვეყანას რუსეთის თავდასხმისთვის მომზადებაში დაეხმარა. "და აი, რა მოხდა, როდესაც შეტევა დაიწყო - ჩვენ ვიყავით ისეთივე ძლიერები, როგორიც შეგვეძლო", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სახელმწიფოს მეთაური ამტკიცებს, რომ შეერთებული შტატების დახმარების მადლიერია. თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ უკრაინას მოკავშირეებისგან კიდევ უფრო დიდი მოცულობის იარაღი სჭირდება, რათა რუსეთის შეტევები მოიგერიოს. „პრეტენზია არ მაქვს იმ მომენტამდე, სანამ ვიღაც არ მეუბნება:" ჩვენ ხომ სიგნალები გამოგიგზავნეთ". ამ მომენტამდე არანაირი პრეტენზია არ მაქვს. თუმცა როცა ვინმე აცხადებს, რომ რაღაც სიგნალები გამოგვიგზავნა, მე ვეუბნები: „გამოგვიგზავნეთ იარაღი. მე აბსოლუტურად მართალი ვიყავი და ამაში დღესაც დარწმუნებული ვარ", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.

დღის გადაცემები