19.09.2024 | 20:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გაუმართავი სამუშაო გარემოს კიდევ ერთი მსხვერპლი [ვიდეო]

გაუმართავი სამუშაო გარემოს კიდევ ერთი მსხვერპლი. ტყიბულის შახტაში გამოვლენილ დარღვევებს  ადგილზე დასაქმებულის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია რვა პირი, რომელთა შორის სამის მდგომარეობა მძიმედ ფასდება. დაშავებულები ამ დროისთვის ხეჩინაშვილის კლინიკაში გადიან მკურნალობის კურსს.  მათგან ერთი პირის  მდგომარეობა  რთულია.

უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად  შრომის ინსპექცია პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მუშაობს. პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ შახტაში გამოვლენილი სხვადასხვა სახის გადაცდომების გამო აფეთქებითი სამუშაოები სამი დღის განმავლობაში შეჩერდება, კონკრეტული უბანი კი დაიხურება. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აფეთქების დროს, ჰაერში მეთანის კონცენტრაცია დასაშვებ ნორმას აჭარბებდა, რაზეც რეაგირება არავის მოუხდენია. სავარაუდოა, რომ სწორედ ამ უკანასკნელმა გამოიწვია აფეთქება.

 

შრომის ინსპექციის გადაწყვეტილებას იზიარებენ კომპანია ,,საქნახშირში’’. დირექტორთა საბჭოს რამდენიმე საათიანი სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა საერთო პოზიციის შესახებ , რომლის თანახმადაც კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება სამუშაოები. კომპანიაში ჯერჯერობით საკუთარ პასუხისმგებლობაზე არაფერს ამბობენ.

 

მომხდარს შესახებ საუბრობენ ადგილობრივები. მათი ინფორმაციით,    ინციდენტის ადგილზე დაახლოებით  თვენახევრის წინ ხანძარი იყო, რაც შესაძლოა  გუშინ დატრიალებულ ტრაგედიასთან  კავშირში იყოს.

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტში შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. გამომწვევი მიზეზების დასადგენად მუშაობს კომპანია საქნახშირის მიერ შექმნილი კომისიაც. შრომის ინსპექციამ კი პირველადი დაკვირებით უკვე დაადგინა, რომ შახტაში რიგ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, მათ შორის ადგილზე არ იმყოფებოდა ზედამხედველი, რომელსაც მეთანის კონცენტრაციის ნორმა უნდა გაეკონტროლებინა.  

დღის გადაცემები