13.12.2024 | 08:58
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
გიორგი გახარიას პოლიტიკური გეგმები [ვიდეო]

32 დღე აქტიური პოლიტიკის გარეშე და დაბრუნების შესახებ გავრცელებული ხმების ირიბი დადასტურება, ექსპრემიერი დუმილს არღვევს. გახარია უფრო მეტი დეტალის მოყოლას უახლოეს მომავალში გვპირდება.უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა დაიწყო.

არის თუ არა ხაზგასმით ნათქვამი „არსად წავსულვარ“ ყოფილ თანაგუნდელებთან კულუარული კომუნიკაციის ირიბი დადასტურება და ვისთან ერთად აწყობს პოლიტიკურ გეგმებს ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი, რთული სათქმელია. თუკი მისი კადრების სიას გადავხედავთ, რამდენიმე გვარს ამოვიკითავთ, რომელიც ყოფილ პრემიერთან ასოცირდება, თუმცა ჩამონათვალი მაინცდამაინც გრძელი არ არის. მითუმეტეს გახარიას კადრების სიას რესან კონცელიძე უკვე გამოაკლდა. ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ექსპრემიერის გუნდში გადასვლას უარყოფს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს არ გამოჩენილა მიხეილ დაუშვილი, რომელიც დღეს გიორგი გახარიასთან ერთად მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. მთავრობის ყოფილი მეთაურის ახალი გუნდის სხვა სავარაუდო კანდიდატები მედიის კითხვებს გაურბიან, არც სატელეფონო ზარებს პასუხობენ და არც გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

 

პოლიტიკური სცენარის ამგვარმა განვითარებამ ქართული ოცნების წევრებში დაბნეულობა გამოიწვია. დეპუტატების ნაწილი გახარიას პოლიტიკურ ჩანაფიქრზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას თემა პრემიერის გადადგომის არა მიზეზი, არამედ საბაბი იყო. შეფასებებში ფრთხილები არიან და ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებაში დარჩენილი გახარიას მეგობრები გუნდს არ დატოვებენ.

 

არადა, გამორიცხული სულაც არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წიაღში აღმოცენებულ ოპოზიციურ პარტიაში სწორედ გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალს გულისხმობდა. ამის შესახებ, მმართველი პარტიის დამფუძნებელმა აქტური პოლიტიკიდან წასვლისას განაცხადა.

დღის გადაცემები