25.04.2024 | 06:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესი დაამტკიცა

ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, ქვეყნის ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება შეზღუდონ.

აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და დაბრუნებას არ ექვემდებარება.

"რეგულაცია ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ისე სავაჭრო, პროდუქციის მიმწოდებელი და მომსახურების გამწევი სხვა პირებისთვის, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გაცვლის ან შემოწმებისას. აღნიშნული პირები ვალდებული არიან, ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება უზრუნველყონ.

საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია წარმომდგენს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის კატეგორიის სტატუსით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, ისეთი ფულის ნიშანი ჩამოართვას, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.

ასევე, უნდა შეადგინოს ცნობის სამი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი, გამოვლენილ საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად, გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზა-რეაგირებისათვის უნდა გაუგზავნოს, მეორე წარმომდგენს უნდა გადასცეს, ხოლო მესამე პირი თავისთან დაიტოვოს.

რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან, ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტონ, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეაგირებას მოახდენს," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის გადაცემები