25.04.2024 | 06:19
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ახალგაზრდობის დამაგრება ჩვენს ქვეყანაში. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ახალგაზრდებმა აქ იპოვონ საკუთარი თავი და შეძლონ პიროვნების რეალიზება"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა განაცხადა. "ქართველი ხალხი ვეღარ ხედავს პერსპექტივას, ყველაზე მძიმე ეს არის. ჩვენს ქვეყანას ტოვებს ახალგაზრდობა, ჩვენი გენოფონდი. ახალგაზრდობა რომ იწყებს ქვეყნის დატოვებას, ეს არის სიმპტომი, რომ რაღაც კარგად არ არის. ისე ვერ მიგყავს საქმე, რომ შენი ახალგაზრდობა დააინტერესო, დააიმედო და დარჩეს ამ ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, ჩვენი ახალგაზრდობის საქართველოდან გასვლის რა დიდი და მზარდი პროცესი მიმდინარეობს. წასულები არიან გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, საბერძნეთში და რომ დაუსვათ შეკითხვა, გიპასუხებენ, რომ საკუთარ თავს და მომავალს ვერ ხედავენ საქართველოში. ხელისუფლებას ვეკითხები, რად გვინდა ის ქვეყანა, სადაც მოქალაქე საკუთარ თავს ვერ ხედავს? რა ქვეყანაა ეს მაშინ? რას ვაშენებთ ჩვენ? რატომ არ არის ამ ქვეყანაში ისეთი კლიმატი, რომ უხაროდეთ ახალგაზრდებს აქ გაღვიძებაც, შრომაც, სწავლაც, ჰქონდეთ იმედი, რომ ჩამოყალიბდებიან პროფესიონალებად. შემდეგ იპოვიან ღირსეულ სამსახურს, შექმნიან ოჯახს და ექნებათ სახლი. ყველა ამ სტადიაზე ახალგაზრდებს აქვთ ასეთი პასუხი, "არა მე ვერ შევძლებ ამას ამ ქვეყანაში". იმიტომ, რომ ვერ სწავლობენ. ჩვენ ვხედავთ სტატისტიკას, რამდენი ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტია იმის გამო, რომ სწავლის საფასურს ვერ იხდის. უნდა დაეხმაროს ასეთ სტუდენტებს სახელმწიფო. გამოვიდეს და თქვას, რომ აფინანსებს. განა არა აქვთ მილიონები ამისთვის?! მიმაჩნია, რომ აქვთ! მეორე საკითხია სამსახური. დაამთავრა სწავლა, ძალიან წარმატებული ახალგაზრდაა, მაგრამ ვერ იპოვა ადგილი, ვერ იპოვა სამსახური, არავის სჭირდება. "ქართული ოცნების" მმართველობის პირველ წლებში გახსოვთ, იყო ასეთი მოწოდებები: "ყველა ჩამოდით, დაბრუნდით საქართველოში, - იურისტები, ეკონომისტები". დაბრუნდნენ და რა? ექვს თვეში უკან წავიდნენ, რადგან ეს ხალხი ვერ დაასაქმეს, ქვეყნის სამსახურისთვის არ გამოიყენეს. ახლაც ასე გიპასუხებთ ის ახალგაზრდა, რომ დარჩეს, რისთვის უნდა დარჩეს? ისწავლე, მაგრამ თუ "პატრონი" არ გყავს, მაინც ვერსად პოულობ სამსახურს. მერე ხომ საერთოდ ზღაპარია იმაზე საუბარი, რომ ბინით უზრუნველყოფილი ოდესმე იქნები. იქ სოციალური ბინის მიღების იმედი მაინც აქვს საქართველოდან წასულ მოქალაქეს და აქ ეს პოლიტიკა არ ტარდება, რომ ახალგაზრდა უსახლკარო ოჯახს თავშესაფარი მიეცეს. ეროვნული ამოცანა უნდა იყოს ახალგაზრდობის დამაგრება ჩვენს ქვეყანაში. ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ახალგაზრდებმა აქ იპოვონ საკუთარი თავი და შეძლონ პიროვნების რეალიზება", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები