22.09.2024 | 18:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მაია ჩხობაძე: "11 თვის მონაცემებით, ზოგადად, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე, ჯამში 3500-მდე პირია დაჯარიმებული"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის განცხადებით, 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ზოგადად, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე ჯამში 3500-მდე პირია დაჯარიმებული.

როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახლოვდება ახალი წელი და ისევ პრევენციული სახის განცხადებით გამოსვლა უწევს.

"მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან. წიწვოვანი მცენარის მოჭრა შეიძლება კერძო საკუთრებაში, სანერგე და პლანტაციურ მეურნეობებში. ბუნებრივ ნაძვის ხეს, აუცილებლად, თან უნდა ახლდეს მისი კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ცნობას ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი უწყება გასცემს. ზედამხედველობის დეპარტამენტი 24 საათიან რეჟიმში უწყვეტად პატრულირებს წიწვოვანი მცენარეების კორომებს.

საჯარიმო სანქციები განსხვავებულია და დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მოიპოვეს წიწვოვანი მცენარე. მაგალითად, ტყეში მცენარისთვის ტოტები ან წვერის წაჭრა, ნებისმიერი დაზიანება, რომელიც მას აღწარმოების უნარს უკარგავს, 500 ლარით ჯარიმდება. წიწვოვანი მცენარის უკანონოდ მოჭრა 1000 ლარით ჯარიმდება, დაცულ ტერიტორიაზე წიწვოვანი მცენარის უკანონო მოჭრა - 1500 ლარით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ტერიტორიაზე - 500 ლარით. ნებისმიერ ამ ჯარიმას ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანი და ის ხარჯები, რომლებიც მფლობელმა ხის ტრანსპორტირებისთვის უნდა გაიღოს.

სამწუხაროდ, წელს საახალწლო ნაძვის ხეების მოპოვების უკვე ორი უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა. წიწვოვანი მცენარის გადატანის ეს შემთხვევები სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მოხდა. სტატისტიკურად, საქართველოში მსგავსი შემთხვევების რიცხვი ჯერ კიდევ მაღალია. 2022 წლის 11 თვის მონაცემებით, ზოგადად, ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტებზე ჯამში 3500-მდე პირია დაჯარიმებული", - განაცხადა მაია ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში.

დღის გადაცემები