13.12.2024 | 08:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პარლამენტში მინისტრებს უსმენენ [ვიდეო]

მორიგი შეხვედრა შეხვედრისთვის - ასე უწოდეს დღეს პარლამენტში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიას, რომელსაც ორივე დაპირისპირებული მხარე დაესწრო. რატომ აქვს იარლიყის ფორმა ეკონომიკის მინისტრის ბრალდებებს რიონის ხეობის დამცველთა მიმართ და რატომ იმართლებს თავს სოფლის მეურნეობის მინისტრი კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც დოკუმენტის შინაარსი მოსახლეობისთვის  ფაქტობრივად მიუწვდომელი იყო.

136 დღიანი პროტესტის, ფართომასშტაბიანი აქციების და  დაპირისპირების შემდეგ დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ეკონომიკის მინისტრმა საკუთარი მოხსენება ერთგვარი აღიარებით დაიწყო. ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფაქტზე რეაგირება დააგვიანეს,  თუმცა საკითხზე  პოზიცია მაინც არ შეუცვლიათ. ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები, სფეროს ექსპერტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და მეცნიერები- საზოგადოება ნამახვან ჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ერთიანდება.  

მინისტრთა კაბინეტის წევრების მიმართ  დღეს საკანონმდებლო ორგანოში 103 მეტრიანი კაშხლის მშენებლობის საკითხზე არაერთი კითხვა გაჟღერდა. ნათია თურნავამ  20 წუთიან მოხსენებაში ძირითადი ყურადღება, რიონის ხეობაში მშენებარე ჰესის ეკონომიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა და განაცხადა რომ მაშინ, როცა  ქვეყნის ენერგომოხმარების მესამედი იმპორტზეა დამოკიდებული, ჰესებზე უარის თქმა ამ რიცხვის გაორმაგების ტოლფასია.

ქსენოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები უცხოეული ინვესტორის მიმართ, ასე უწოდა  მინისტრმა საზოგადოების კრიტიკას  ბურუსით მოცული ხელშეკრულებისა და თურქული კომპანია „ენკას“მისამართით. ნათია თურნავას მსგავსად სადავო ხელშეკრულების გამჭირვალობაზე რამდენჯერმე ისაუბრა ლევან დავითაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ დადგენილების დეტალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იყო. მინისტრებმა სფეროს ექსპერტებისგან განსხავევბულ კვლევებზე ისაუბრეს.

რამდენიმესაათიან მსჯელობას 250 გვერდიანი  დოკუმენტის სადავო დეტალების განხილვის  გარეშე არ ჩაუვლია. მესამე სექტორის წარმომადგენლებმა დადგენილების იმ პუნქტების შესახებ ისაუბრეს, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს მიერ თურქული  კომპანიისთვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა დასტურდება.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განაცხადეს, რომ პროექტი, რომელიც დაიწყო სრული კანონდარღვევით, კანონდარღვევითვე გრძელდება  და მთავარი შეკითხვა, რატომ განაცხადა თანხმობა საკუთარი ინტერესების დარღვევით თურქულ კომპანიასთან თანამშრომლობაზე საქართველოს მთავრობამ უცნობი რჩება. 

შეგახსენებთ, რიონის ხეობის დამცველები  ხელისუფლებას გონივრულ ვადას 14 მარტამდე აძლევენ,  წინააღმდეგ შემთხევვაში პროტესტის უკიდურეს ფორმას აანონსებენ.

დღის გადაცემები