20.09.2024 | 20:14
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, სარეგისტრაციო პროცედურები დროულად გაიარონ

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება.

"შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ, ცესკოსა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი - არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატების წარდგენის წესი და ვადები განსხვავებულია. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები განთავსებულია ცესკოს ვებ-გვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ცესკოს კონტაქტ-ჰაბის მეშვეობით ნომერზე - 2 51 00 51.

29 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება. საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები ასეთი მასშტაბით 29 აპრილს პირველად იქნება გამოყენებული და მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ შეიტანოს საკუთარი წვლილი საქართველოს არჩევნების ისტორიის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით განხორციელებაში", - განაცხადა პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრაში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს, დანარჩენ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

დღის გადაცემები