23.09.2024 | 00:24
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო

საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო.

შესაბამის დოკუმენტს 308 ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 218 იყო.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი "შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო წლებში მედიის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამო, გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების უზრუნველსაყოფად ქვეყანაში მყარი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად".

ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი გმობს ჟურნალისტების დაშინების, მათ მიმართ მუქარების, ძალადობისა და დევნის მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის თანამშრომლებისა და მესაკუთრეების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების მზარდ რაოდენობას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გულდასმით გამოიძიოს ძალადობის ყველა შემთხვევა და პასუხისგებაში მისცეს პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებისა და მედიის სხვა თანამშრომლების წინააღმდეგ ძალადობასა და ძალადობისკენ წაქეზებაზე, რაც აღმოფხვრის ამგვარი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის შთაბეჭდილებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, შეზღუდოს სტრატეგიული სამართლებრივი სარჩელების გამოყენება ადამიანის უფლებების დამცველებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც ემსახურება მათი კრიტიკული და დამოუკიდებელი მუშაობის შეფერხებას.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, რაც უნდა ითვალისწინებდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას, პოლიტიკური შეხედულებების გამჭვირვალე მედია მესაკუთრეობასა და პლურალისტულ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას კერძო და განსაკუთრებით, საზოგადოებრივ მაუწყებლებში, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიების დროს. ასევე მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციაზე დაუბრკოლებრივი წვდომა, ჟურნალისტებისა და სხვა მედია პროფესიონალების უსაფრთხოება, დაცვა და უფლებამოსილება.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტის წევრები გმობენ მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანია "მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ განაჩენს, რამაც გამოავლინა საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ არსებული უნდობლობა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ნიკა გვარამიასთვის გამოტანილი სასამართლო განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც ამჟამინდელი მთავრობის მხრიდან კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა". ტექსტის თანახმად, ეს საქმე უკვე 2019 წლიდან უარყოფითად იყო შეფასებული საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან.

დღის გადაცემები