საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალი წარუდგინეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით ყალბი ანგარიშ-ფაქტურები გაწერეს, რის შედეგადაც თავისივე კომპანიების სახელზე ჯამში 346 367 ლარის ყალბი აქტივი შექმნეს, საიდანაც 337 144 ლარის ყალბი აქტივი ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად სრულად იქნა გამოყენებული, ხოლო, 9 223 ლარის ფიქტიური აქტივი ბრალდებულების მიერ იქნა თაღლითური გზით დაუფლებული.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა”, მე-3 ნაწილის „ბ“ და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.