13.12.2024 | 00:51
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წლის ბოლოს მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება.

როგორც გორგოძემ განაცხადა, ცენტრი ახლა მუშაობს საპილოტე პროექტზე სახელწოდებით, "შეფასება განვითარებაზე", რომლის მიზანია ორ საგანში ელექტრონული პლატფორმის დახმარებით, წლის ბოლოს მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება მოხდეს.

მისივე თქმით, პროექტი, რომელიც უახლოეს პერიოდში მთელ ქვეყნის სკოლებს მოიცავს, ღია და დახურული დავალებების სახით იქნება შედგენილი.

გორგოძის განმარტებით, დახურული დავალებები კომპიუტერის საშუალებით გასწორდება, ხოლო ღია დავალებებს მასწავლებლები შეასწორებენ.

"პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ. საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით" - განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, თუ ელექტრონული ტესტირებების დაწყებამდე სკოლებში ტექნიკური პრობლემა შეიქმნება, ისინი ამ პრობლემას სხვადასხვა საშუალებით გადაჭრიან.

"როგორც თქვენ იცით, ყველა სკოლას აქვს ე.წ "ბუკები", რომელსაც პირველკლასელები იღებენ. საპილოტე ცდის დროს, თუ სკოლებს ლაბორატორიაში კომპიუტერები არ ჰყოფნიდათ, თავად თავისი ინიციატივით ეს "ბუკები" გამოიყენეს, რომლებიც პირველკლასელებს აქვთ და ბავშვებს ტესტირება ასე აწერინეს. რაც შეეხება ტექნიკურ პრობლემებს, რაღაც ხარვეზი ტექნიკის ჩართვასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს, შესაძლოა, შუქი გაითიშოს. ასეთი რამ ხდება, ამიტომ ჩვენ ამისთვის ვემზადებით და გვექნება ისეთი საშუალებები, რომ ტესტირების დაწყებისას თუნდაც შუქის გათიშვამ პრობლემა არ შექმნას" - განაცხადა სოფიო გორგოძემ.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს გეგმავენ და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მოიცავს პროექტი სრულად ქვეყნის მასშტაბს.

"რაც შეეხება საპილოტე ვერსიას, ვფიქრობთ, რომ წინ კარგად მივდივართ, უბრალოდ სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს, სანამ ეროვნულ დონეზე დაინერგება, იმიტომ, რომ საკმაოდ მოცულობითი პროექტია. ახლა მთავარია ის შედეგები, რასაც შემდეგ სკოლები მიიღებს, ისინი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი უკეთესად დავგეგმოთ. ჩვენ ორ თვეში კიდევ ერთ მასშტაბურ პილოტს ვგეგმავთ და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება, როდის ვიქნებით მზად, რომ სრულად ყველა სკოლაში ტესტირება დავიწყოთ. საპილოტე ვერსია მხოლოდ თბილისში არ ჩატარებულა და რეგიონებიც მოიცვა" - აღნიშნა გორგოძემ.

დღის გადაცემები