01.05.2024 | 06:21
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
გურამ მაჭარაშვილი ნედ პრაისის განცხადებაზე: "კოლონიური აზროვნება ძალიან ცუდია. საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, რა კანონი უნდა მიიღოს ქვეყანამ და რა - არა"

საინტერესო სურათი მივიღეთ - ევროპარლამენტში "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის" მიღება ხელს შეუწყობს ფინანსურ გამჭვირვალობას და იგივე კანონი საქართველოში ხელს შეუშლის არასამთავრობო სექტორს; ეს კანონი ამერიკაში უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას - იგივე კანონი საქართველოში საფრთხეებს შეიცავს, - ასე პასუხობს "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაის განცხადების შესახებ დასმულ კითხვას.

მისივე თქმით, ყველა უცხო ქვეყანამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს.

"თუ პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოში ის კანონები უნდა მივიღოთ, რომლებსაც აშშ-ის ელჩი ან ამერიკა გვეტყვის; ის ადამიანი უნდა გავუშვათ ციხიდან, ვისზეც ისინი მიგვითითებენ და ა.შ., ცოტა ხანში, პირდაპირი ტექსტით გვეტყვიან: ამდენი სუვერენიტეტი არ გჭირდებათ და ჩვენ რასაც გეტყვით, ის გააკეთეთო. ამას ისინი ახლაც ამბობენ სხვადასხვა მესიჯით, თუნდაც ამ კანონთან დაკავშირებით, მაგრამ ამას უკვე პირდაპირი ტექსტით იტყვიან, როგორც ბრიუსელიდან, ისე - ვაშინგტონიდან. ამიტომაც დავაინიცირეთ, ზუსტად ერთი ერთში, ამერიკული კანონპროექტი და ამიტომაც არის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდგომ ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. ორივე კანონპროექტზე საინტერესო იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა. ეს ხომ არ არის დამალული დოკუმენტი, ხალხი არ იცნობდეს? არსებობს ინგლისური და ქართული ვერსია, თუ აშშ-ში თვლიან, რომ ჩვენი ზუსტად ნათარგმნი ქართული ვერსია არ ემთხვევა ამერიკის ვერსიას, თვითონ თარგმნონ. დაახლოებით 5-6 გვერდია", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, თუ რომელ კანონს მიიღებს საქართველო და რომელს - არა.

"სამწუხაროა, რომ უკვე თეთრზე შავის თქმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არ გვესმის. ეს არის ძალიან ცუდი. თუ ჩვენ ვეთანხმებით იმას, რომ სრულყოფილი სუვერენიტეტი არ გვჭირდება, - ეს არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ არცერთი ქვეყნის, არც რუსეთის და არც სხვა ქვეყნის მონობა არ გვინდა, მაგრამ რადიკალური ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, რუსეთის მონობა არ გვინდაო (თუმცა, ყველაფერს აკეთებს ამისთვის), აქვე ამბობს, რომ თუ აშშ-ის ან რომელიმე სხვა ქვეყნის მონა ვიქნებით, არაუშავს. ამას ისინი პირდაპირ ამბობენ. აქედან გამომდინარე, ეს კოლონიური აზროვნება არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და საქართველოშივე უნდა წყდებოდეს, რა კანონი უნდა მიიღოს ქვეყანამ და რა - არა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

14 თებერვალს "ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.

21 თებერვალს კი "ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

დღის გადაცემები