25.04.2024 | 06:01
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "დიდი მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეცვლა, არამედ ეს არის ჟამი სინანულისა - ვცდილობთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, ჩვენი ცოდვები, ვნებები, გამოვასწოროთ და აღმოვფხვრათ ისინი"

დიდი მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეცვლა, არამედ ეს არის ჟამი სინანულისა, როდესაც ჩვენ უფრო მეტად ვუღრმავდებით ჩვენს სულს, ჩვენს ცხოვრებას, ვცდილობთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, ჩვენი ცოდვები, ჩვენი ვნებები და გამოვასწოროთ, აღმოვფხვრათ ისინი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) დიდმარხვის პირველი კვირის ორშაბათის ქადაგებისას განაცხადა.

მან მორწმუნეებს, მიულოცა დიდი მარხვის დაწყება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას გადასცა.

"თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ დიდი მარხვის პერიოდს წმინდა მამები სულიერ გაზაფხულს ადარებენ. ასე აღიქმება ეკლესიის მიერ ეს ჟამი დიდი მარხვისა. ამასთან, დიდი მარხვა ემთხვევა კიდეც გაზაფხულის პერიოდს. გაზაფხული - ეს არის განახლება, სიცოცხლის, ძალების განახლება, ასეთი დიდი სასწაულია ღვთისგან ბოძებული. ჩვენც ამ პერიოდში წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს სულიერი განახლებისკენ. ამიტომ დიდი მარხვა არ არის მხოლოდ საკვების შეცვლა, არამედ ეს არის ჟამი სინანულისა, როდესაც ჩვენ უფრო მეტად ვუღრმავდებით ჩვენს სულს, ჩვენს ცხოვრებას, ვცდილობთ, შევიცნოთ საკუთარი თავი, ჩვენი ცოდვები, ჩვენი ვნებები და გამოვასწოროთ, აღმოვფხვრათ ისინი.

როგორც იცით, ვნებების აღმოფხვრის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საშუალება - ეს არის სწორედ მარხვა და ლოცვა, როგორც ამას გვასწავლის თავად უფალი იესო ქრისტე, რომელიც ბრძანებს: "მოდგმა ბოროტი სულებისა განიდევნება მხოლოდ მარხვით და ლოცვით".

დიდი მარხვის პერიოდში, ყოველი მსახურების დასასრულს, ჩვენ ვკითხულობთ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას. პირად ლოცვებშიც ვკითხულობთ ამ ლოცვას, სადაც ყველაზე უკეთ არის გადმოცემული დიდი მარხვის არსი და მნიშვნელობა.

დღეს წავიკითხეთ ჩვენ ეს ლოცვა: "უფალო და მეუფეო ცხორებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე". ასე იწყება ეს ლოცვა. თითქოს წმინდა მამა მონიშნავს ჩვენს ყველაზე მთავარ სულიერ ვნებებს. რას ნიშნავს უქმობა? "სულსა უქმობისასა" - შეიძლება თქვას ვინმემ, რომ ჩვენ არ ვუქმობთ, დღეს ისეთი მაღალი ტემპია ცხოვრებისა, პირიქით, იმდენად დატვირთულია ადამიანი მუშაობით, სხვადასხვა საზრუნავით, რომ შეიძლება უფრო მეტად უნდოდეს მას დასვენება, მაგრამ ამ უქმობაში არ იგულისხმება ფიზიკური უსაქმურობა და დასვენება, არამედ იგულისხმება სულ სხვა რამ: ეს არის სულიერი სიცარიელე. აი, ამ უქმობაზეა საუბარი. როდესაც ადამიანი შეიძლება ბევრს მუშაობდეს, მაგრამ ხომ არის ზოგჯერ ისე, რომ ჩვენს თავს ვუსვამთ ამ შეკითხვას: რა აზრი აქვს ამ მუშაობას? და ხშირად ვხედავთ, რომ ამის უკან დგას სულიერი სიცარიელე და უაზრობა, ამაოება ადამიანის ცხოვრებისა, თუ ის არ არის მიმართული სწორი სულიერი ცხოვრებისკენ, სწორი სულიერი ღვაწლისკენ.

ამრიგად, აი ეს ლოცვა გვიხსნის ჩვენ ამ დიდ მანკიერებას, დიდ ვნებას - ეს არის სულიერი სიცარიელე. და ჩვენ ვლოცულობთ, რომ გვიხსნას. "ნუ მიმცემ მე" რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, განმარიდე, მაშორე ეს უქმობა. შემდეგ ნახსენებია "მიმოწვლილველობა", "სულსა უქმობისასა, მიმოწვლილველობისასა". მიმოწვლილველობა გახლავთ იგივე მოწყინება. ეს მოწყინება მოსდევს ამ უქმობას, ამ სულიერი სიცარიელეს, ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სულიერად გამოფიტულია, ხდება დაცემა, მოკლება სულიერი ენერგიისა, ის აღარ იღვწის თავისი სულის გადასარჩენად, მას აღარ უხარია ეს ცხოვრება. ბევრისთვის ნაცნობია ეს განწყობა, რაღაც აუხსნელი სევდა მოდის და როგორც გვაფრთხილებს წმინდა ეკლესია, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა, იმიტომ რომ შეიძლება აქედან წარმოიშვას ურწმუნოებაც, სასოწარკვეთილებაც, შეიძლება - თვითმკვლელობაც კი. იქამდეც კი მივიდეს ადამიანი, თუ დროზე არ იღვაწა ამ ვნების წინააღმდეგ. ამიტომ ითქმის დღევანდელ ლოცვაში: "სულსა მიმოწვლილველობისასა ნუ მიმცემ მე, უფალო".

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. უფალმა ინებოს, რომ ამ დიდ მარხვაში დავძლიოთ სევდიანობაც, სული ამ მოწყინებისა, სული სულიერი სიცარიელისა და აღვივსოთ სულიერად. მართლაც, ეს პერიოდი ყოფილიყოს ჩვენთვის სულიერი გაზაფხულის პერიოდი და სიხარულით აღვსილნი მივეგებოთ სიხარულის აღდგომას უფლისა ჩვენისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ”, - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის გადაცემები