26.04.2024 | 21:02
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "ღმერთმა ინებოს, ამ დიდ მარხვაში დავძლიოთ მთავრობის მოყვარეობის სული, სურვილი და მისწრაფება, ვმბრძანებლობდეთ სხვა ადამიანებზე"

ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდ მარხვაში დავძლიოთ მთავრობის მოყვარეობის სული, ყოველგვარი სურვილი და მისწრაფება, ვმბრძანებლობდეთ სხვა ადამიანებზე , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)დიდმარხვის პირველი კვირის ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ვისაც მიეცა ღვთისგან პირველობა, მას უნდა ახსოვდეს, რომ მიზანი "ამ დიდი მსახურებისა სწორედ ადამიანისა და ღვთის მსახურებაა".

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - დიდი მარხვის პირველი კვირის სამშაბათს.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

როგორც იცით, ყოველდღიურად და ყოველ საეკლესიო მსახურებაზე იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა, რომლითაც წმინდა ეკლესია დაგვმოძღვრავს და გვასწავლის, რა არის უმთავრესი ცოდვა, რომელიც ხელს გვიშლის ღმერთთან დაახლოებაში, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში, ჩვენს გამოსწორებაში, მადლის მოხვეჭაში.

წმინდა ეფრემ ასური ჩამოთვლის ამ ცოდვებს. ეს ცოდვებია: სული უქმობისა, სული მოწყინებისა, სული მთავრობის მოყვარებისა და ცუდად მეტყველებისა.

მესამე თხოვნაში იგი ევედრება უფალს, რომ აშოროს მთავრობის მოყვარება. რა არის ეს მთავრობის მოყვარება, როგორი ვნებაა? ის დაკავშირებულია და გამოვლინებაა ჩვენი დაცემული ბუნებისა და შეიძლება გამოვლინდეს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. შეიძლება გამოვლინდეს ოჯახშიც, სამსახურშიც და ადამიანებთან ურთიერთობაში. ეს არის განწყობა, როდესაც ადამიანს სურს, დაიქვემდებაროს სხვა ადამიანები, რომ თვითონ იყოს უფროსი, სხვებს მოახვიოს თავისი გავლენა, იქონიოს ძალაუფლება და, საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ადამიანების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება, როცა ჩვენ გვინდა, ყველა და ყველაფერი ჩვენს ინტერესებს დავუკავშიროთ.

რა თქმა უნდა, ეს ცოდვა დიდად ეწინააღმდეგება სახარებას, უფალ იესო ქრისტეს სწავლებას, რომელიც ხშირად ბრძანებდა: "თუ გინდა, პირველი იყო, იყავი, როგორც მსახური ადამიანთა..." და "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მისცემს მადლსა".

ეს მთავრობის მოყვარება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ჩვენს ამპარტავნებასთან. ამიტომ როდესაც გვინდება, სხვას ჭკუა ვასწავლოთ, ვამხილოთ, როცა არ გვეკითხებიან, რჩევები მივცეთ და ასე შემდეგ, აი, აქედან ჩანს, რომ ჩვენ ვართ შეპყრობილნი ამ მთავრობის მოყვარების ვნებით. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ძალიან რთულად ასატანია სხვების მიერ, მაგრამ, რაც მთავარია, მასთან ვერ მიდის სულიწმიდის მადლი, იმიტომ რომ მხოლოდ სიმდაბლესთან მიდის სულიწმიდის მადლი. შესაბამისად, ის თავის ცოდვებსაც ვეღარ ებრძვის, ვეღარ ასწორებს და ღმერთს ვერ უახლოვდება.

აი, ამიტომ არის, რომ ასე გულმოდგინედ ვევედრებით უფალს: "ღმერთო, მომაშორე ეს, ნუ მიმცემ მე სულსა მთავრობის მოყვარებისასა". ღმერთმა ინებოს, რომ აი, ამ დიდ მარხვაში ჩვენ დავძლიოთ მთავრობის მოყვარეობის სული, ყოველგვარი სურვილი და მისწრაფება, რომ ვმბრძანებლობდეთ სხვა ადამიანებზე, იმდენად დამანგრეველია ადამიანის სულისთვის ეს ვნება. მაგრამ ვისაც მიეცა ღვთისგან პირველობა, მაღალი თანამდებობა, ეს დიდი საპასუხისმგებლო მდგომარეობა, მას უნდა ახსოვდეს, რომ მიზანი ამ დიდი მსახურებისა არის სწორედ მსახურება ადამიანისა და მსახურება ღვთისა, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ" - განაცხადა მეუფე შიომ.

დღის გადაცემები