13.12.2024 | 05:39
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
იტალიის პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომის თხოვნა

იტალიის პრეზიდენტმა სერჯიო მატარელამ პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის გადადგომა არ მიიღო.
მანამდე ცოტა ხნით ადრე, იტალიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას აპირებს. ამის მიზეზად დრაგიმ დაასახელა მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" უარი, მიეღო მონაწილეობა სენატში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაზე გამართულ კენჭისყრაში. ამით მათ ოფიციალურად აღნიშნეს საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა.

დრაგის თქმით, აღარ არსებობს ეროვნული ერთიანობის ის ნაწილი, რომელიც შექმნის დღიდან მხარს უჭერდა მთავრობას. კოალიციის შენარჩუნებას ულტიმატუმებით აზრი არ აქვს, აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ხუთშაბათს იტალიის სენატში, პარლამენტის ზედა პალატაში კენჭისყრა გაიმართა, რომელზეც პარლამენტარებმა დრაგის ხელმძღვანელობით მთავრობისადმი ნდობა დაადასტურეს. ნდობის გამოცხადებას მხარი 172-მა სენატორმა დაუჭირა, 39 წინააღმდეგი იყო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია კოალიციურ "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას".

დრაგი იტალიის მინისტრთა კაბინეტს გასული წლის თებერვლიდან უდგას სათავეში.

16 ივნისს იტალიის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის და რუმინეთის პრეზიდენტებთან, ემანუელ მაკრონთან და კლაუს იოჰანისთან ერთად უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთთან ომში მყოფ უკრაინის ხელისუფლებას.

დღის გადაცემები