13.12.2024 | 06:09
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯი - გაყიდული მიწა

მთავარი პროკურატურა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის სამთავრობო  კომისიის საქმიანობას იძიებს. ის, რომ კომისია სახელმწიფოს საზიანო ქმედებებს ჩადიოდა, ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში საპარლამენტო ტრიბუნიდან საჯაროდ განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა, რომელმაც მთავარ საგამოძიებო უწყებას სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა და საკითხზე მომუშავე ჯგუფის ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამოიძიება მოითხოვა.

 

საქართველოს ისტორიული მიწის დასაცავად ეს "პატრიოტთა ალიანსის" ერთადერთი ნაბიჯი არ ყოფილა. ოპოზიციურმა პარტიამ დავით გარეჯის საკითხს 4 მასშტაბური აქცია მიუძღვნა. 12 000-მდე მოქალაქე, ქვეყნის ტერიტორიისა და საზღვრის დაცვის მოთხოვნით,  "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ მშვიდობიან აქციაზე ჯერ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შეიკრიბა, შემდეგ კი,  "პატრიოტთა ალიანსის" ირგვლივ გაერთიანებულმა საზოგადოებამ თბილისში, თავისუფლების მოედანი გაავსო. ორი მასშტაბური აქცია მიეძღვნა საკითხს სპორტის სასახლეშიც. "პატრიოტთა ალიანსის" სამართლიან და საფუძლიან მოთხოვნას გასულ წელს ხელისუფლება დუმილით ან ბრალდებებით პასუხობდა, თითქოს ოპოზიციური პარტია და მისი მხარდამჭერები აქციებით ქვეყნის ინტერესებს აზიანებდნენ, თუმცა, "ქართულ ოცნებაში" კარგად იცოდნენ, რომ დავით გარეჯი სააკაშვილის ხელისუფლებამ გაყიდა და მოქმედი ხელისუფლება დანაშაულს ხელს 8 წლის განმავლობაში აფარებდა.

 

დავით გარეჯი - საქართველოს ისტორიული მიწა რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაყიდა, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის საჯარო განცხადებიდანაც ჩანდა. ნინო კალანდაძის დანაშაულებრივი განცხადება დაუსჯელი დარჩა, თუმცა, არქივს და ადამიანთა მეხსიერებას კარგად შემორჩა.

 

დავით გარეჯის თემით ხელისუფლება არჩევნებამდე მხოლოდ ერთი თვით ადრე დაინტერესდა. გამოძიების პარალელურად, კომენტარები არ დაიშურეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმაც. მმართველ გუნდში ყურადღებას მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაზე ამახვილებენ, რომელშიც კრიმინალი ექს-პრეზიდენტი დავით გარეჯთან დაკავშირებით საუბრობს. გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გამოძიება მაშინ დაიწყო, როდესაც პროკურატურამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა. უმრავლესობის წევრს არ დაუკონკრეტებია, გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან მხოლოდ 8 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქვეყნის ისტორიული ნაწილის გაყიდვა-ჩაბარების ფაქტის შესწავლა.

 

სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობას ეჭვქვეშ დასაწყისშივე აყენებდა საპატრიარქო. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია მედიასთან მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააჟღერა.

 

კომისიის მუშაობასთან კითხვები აქვთ ისტორიკოსებსაც. ჯაბა სამუშია კიდევ ერთხელ ასაჯაროებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ უდაბნოს მონასტერი ნამდვილად საქართველოს ნაწილია. ისტორიკოსი იმ უზუსტობებზე საუბრობს, რომელიც კომისიის საქმიანობისას გამოიკვეთა.

 

კომისიის საქმიანობის გამოძიების მოთხოვნით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორმა ზურა მახარაძემ ჯერ კიდევ 2012 წელს გამართა. იგი მიიჩნევს, რომ თუ გამოძიება არ დასრულდება და კომისიის წევრები პასუხისგებაში არ მიეცემიან, საგამოძიებო უწყების განცხადება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მანიპულაციად ჩაითვლება.   

 

საგამოძიებო უწყების განცხადებას და მოახლოებულ არჩევნებს შორის უცნაურ დამთხვევას ხედავს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. იგი კომისიის მუშაობის სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ რამდენიმე პუნქტი საქართველოს ინტერესებს არ ითვალისწინებს, რაც კომისიამ  შეგნებულად თუ შეუგნებლად დაუშვა.

 

საქართველოს ისტორიული მნიშვნელობის ტერიტორია რომ წინა ხელისუფლებამ გაასხვისა, წლებია, იცოდნენ "ქართულ ოცნებაში", თუმცა, მმართველმა გუნდმა დუმილი  არჩევნებამდე მხოლოდ 30 დღით ადრე დაარღვია.

დღის გადაცემები