01.05.2024 | 17:48
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ნაზი ჯანეზაშვილი: "არ ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა, თუმცა არ ვაპირებ, რომ გასაუბრებაში მივიღო მონაწილეობა, რადგან ეს არის შოუ და სპექტაკლი"

საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატი, ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატების შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, თუმცა საკუთარ კანდიდატურას არ ხსნის.

როგორც ჯანეზაშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, გასაუბრების პროცესი არის შოუ, რადგან აშკარაა, რომ ხელისუფლება მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს.

"არ ვაპირებ, რომ ჩემი კანდიდატურა მოვხსნა, თუმცა, ამავდროულად, არ ვაპირებ, რომ გასაუბრებაში მონაწილეობა მივიღო. თავდაპირველად, ჩემი ინტერესი იმისა, რომ მიმეღო პროცესში მონაწილეობა, განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოსთვის ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების თვალსაზრისით, მივიჩნიე, რომ ეს შეიძლებოდა გამონაკლისი ყოფილიყო და ხელისუფლებას მართლაც შეერჩია პრინციპული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კანდიდატი. სამწუხაროდ, გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურად ისახავენ მიზნად, შეარჩიონ ასეთი კანდიდატი, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება, ასევე დამოუკიდებელი, პრინციპული და დააკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძალიან ღირსეული სახალხო დამცველი. ეს პროცესი არ მიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ რეალურად, გასაუბრების საფუძველზე მოხდეს კანდიდატის შერჩევა. მგონია, რომ ეს არის უბრალოდ ერთგვარი შოუ. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღო. გარდა ამისა, მინდა განვმარტო, რომ კანონით, რეგლამენტით და პროცედურებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დააწესა, არ არის სავალდებულო გასაუბრებაზე გასვლა, ამიტომ, ვიყენებ ამ შესაძლებლობას და არ ვაპირებ გასაუბრებაზე მისვლას, სადაც ერთგვარი შოუ და სპექტაკლები იდგმება მთელი ამ ხნის განმავლობაში" - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის კანდიდატების გასაუბრების პროცესში ინტერესთა კონფლიქტი გამოიკვეთა.

"სამწუხაროდ, ამ პროცესში არის ინტერესთა კონფლიქტი და ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ პარლამენტის მოქმედი წევრი, იაგო ხვიჩია ერთ-ერთი კანდიდატია. მას არ დაუყენებია თვითაცილების საკითხი, ის გასაუბრებაში მონაწილეობს და მისი გუნდი ასევე სვამს კითხვებს. რა თქმა უნდა, ისინი იქნებიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, როდესაც კანდიდატების არჩევის საკითხი დადგება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ჩემთვის, ვინაიდან მას თვითაცილება უნდა დაეყენებინა" - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დღის გადაცემები