19.04.2024 | 15:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოსკოვის "მარცვლეულის" დემარში - რას გამოიწვევს ეს?

რუსეთი "მარცვლეულის ინიციატივაში" აღარ მონაწილეობს. ეს არის უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმება, რომელიც გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით არის მიღწეული. რას ნიშნავს ეს და რა შედეგები მოჰყვება ამას უკრაინისთვის? - ამ და სხვა კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა.

რა ხდება?
29 ოქტომბრის შემდეგ უკრაინის სამი უმსხვილესი პორტიდან - "ოდესა", "ჩერნომორსკი" და "სამხრეთი" - მარცვლეულის ექსპორტის გარანტიების შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მონაწილეობა რუსეთს აღარ მიუღია. ეს ნაბიჯი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სევასტოპოლში, სამხედრო გემებზე საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმებით ახსნა. პრაქტიკაში დემარში ნიშნავს, რომ რუსი ინსპექტორები აღარ არიან ჩართული იმ გემების ინსპექტირებაში, რომლებიც ბოსფორის გავლით უკრაინის ამ პორტებიდან ან პირიქით, მისკენ მიემართებიან.

გარკვეული პაუზის შემდეგ, 31 ოქტომბერს, მარცვლეულით დატვირთულმა გემებმა უკრაინის პორტებიდან სტამბოლის მიმართულებით მოძრაობა აღადგინეს, - ადასტურებს MarineTraffic-ის გემების გადაადგილების საზედამხედველო სამსახური. უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, სწორედ ამ დღეს 350 ათას ტონაზე მეტი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით დატვირთულმა 12 გემმა ოდესის, ჩერნომორსკისა და „სამხრეთის“ პორტები დატოვა.

რუსების გარეშე პროცესი უფრო სწრაფი გახდა
უკრაინიდან გემების მოძრაობის აღდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის ფარგლებში შეთანხმდნენ, რომ 31 ოქტომბრიდან ინსპექტირების 10 ჯგუფი დღეში 40 გემის შესამოწმებლად იმუშავებს. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების შემოწმება რუსეთის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდება. ამ პროცესის აღდგენა აქტუალური საკითხი იყო, რადგან ბოსფორის შესასვლელთან 200-ზე მეტი ხომალდისგან "საცობი" შეიქმნა. გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები ამ კრიტიკული სიტუაციის მიზეზად ასახელებენ იმ ფაქტს, რომ რუსულმა მხარემ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემების ინსპექტირების გაჭიანურება მოსკოვის მიერ "მარცვლეულის შეთანხმების" დატოვების შესახებ ოფიციალურ განცხადებამდე ბევრად ადრე დაიწყო.

"მანამდე დღეში 20 გემს ამოწმებდნენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსი ინსპექტორები ამ პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებდნენ" - განაცხადა DW-სთან საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით, სტამბოლის ერთ-ერთი საბროკერო კომპანიის წარმომადგენელმა. სტამბოლში გემების ყოველდღიური ინსპექტირების რაოდენობა გაორმაგდა მას შემდეგ, რაც რუსეთის წარმომადგენლებმა ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვეს. DW-ს რესპონდენტის თქმით, რუსი ინსპექტორები უკვე დიდი ხანია მიზანმიმართულად აჭიანურებენ გემების შემოწმებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ევროკავშირის ქვეყნებისკენ მიმავალ ტვირთს ეხება.

საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია
ამავდროულად, როგორც DW-ს გადამზიდავებმა დაუდასტურეს, უკრაინის პორტებისკენ მარცვლეულით დასატვირთად მიმავალ გემებს ბოსფორის გავლით ჯერ არ უშვებენ. ცხადია, გაეროსა და თურქეთის წარმომადგენლები აგრძელებენ პოლიტიკურ კონსულტაციებს იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა რუსეთის მონაწილეობის გარეშე "მარცვლეულის ინიციატივის" შემდგომი სრულფასოვანი ფუნქციონირება. ამის მიზეზი არის ის, რომ შავი ზღვის შესასვლელთან გემების კონტროლი "მარცვლეულის გარიგების" დადებისას მოსკოვისთვის ფუნდამენტური იყო. კერძოდ, რუსეთი უკრაინის პორტებში მარცვლეულის გადაზიდვის საფარქვეშ იარაღის უნებართვო ტრანსპორტირების რისკებზე საუბრობდა.

ლოგისტიკური კომპანია BPG Shipping-ის (სპეციალიზებულია საზღვაო ტრანსპორტირებაზე) დირექტორმა, გენადი ივანოვმა DW-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სირთულეები, რომლებმაც ბოსფორის უპრეცედენტო "საცობი" გამოიწვია, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. „რუსი ინსპექტორები ინსპექტირების პროცესში საბოტაჟს შეგნებულად აწყობდნენ და შექმნეს ეს "საცობი". ისინი ცდილობდნენ "მარცვლეულის შეთანხმებიდან" გამოსულიყვნენ და მხოლოდ საბაბს ეძებდნენ" - დარწმუნებულია გადამზიდავი.

გენადი ივანოვის პროგნოზით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული სირთულეები ტვირთის ღირებულების მორიგ ზრდას გამოიწვევს. გემების უმეტესობა, რომლებიც უკრაინაში შესასვლელად მზად არიან, ხელოვნური "საცობის" შექმნის გამო, ბაზრიდან გაიყვანეს. "ამრიგად, არსებული მოთხოვნის ფონზე მიწოდება საგრძნობლად შემცირდა,“ - ამბობს BPG Shipping-ის წარმომადგენელი. ივანოვის თქმით, რუსეთის მხრიდან მორიგი ესკალაცია დაიწყო, როგორც კი "მარცვლეულის დერეფანი" ფერმერებისთვის ეკონომიკურად მიმზიდველი გახდა. "აგვისტოდან სექტემბრამდე ტვირთების ფასი 30%-ით დაეცა და უკვე ოქტომბერში ახალი პრობლემები დაიწყო" - ამბობს ლოგისტიკური კომპანიის წარმომადგენელი.

გაძვირებული ტვირთი და უკრაინელი ფერმერების შემცირებული შემოსავალი
კიევის ეკონომიკის სკოლის აგრარული ბაზრების ანალიტიკოსი ოლეგ ნივევსკი ამბობს, რომ ტვირთების ფასების ზრდა კიდევ ერთი დარტყმაა უკრაინელი ფერმერებისთვის, რომლებიც მოცემულ პირობებში ხშირად მოგების გარეშე ან ზარალით მუშაობენ. "მწარმოებლები ფასის ჯაჭვში ბოლო რგოლს წარმოადგენენ. რაც უფრო ძვირია ტრანსპორტირება, მით ნაკლებ ფულს იღებენ ფერმერები" - ამბობს ნივიევსკი.

ექსპერტი ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, რომლებიც სათქმელს თავადვე ამბობენ. კერძოდ, თუ ომამდე უკრაინელი აგრომწარმოებლები საექსპორტო ფასის დაახლოებით 80%-ს იღებდნენ, "მარცვლეულის შეთანხმების" ფარგლებში საექსპორტო ოპერაციების განახლების შემდეგ, ფერმერები იძულებული არიან მხოლოდ 35%-ს დასჯერდნენ. ანალიტიკოსი შიშობს, რომ რუსული დემარშის შემდეგ სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გაუარესდეს.

ოლეგ ნივევსკი დარწმუნებულია, რომ ექსპორტის აღდგენის შემთხვევაშიც კი, რუსეთი გააგრძელებს ყველა ბერკეტის გამოყენებას, რომ უკრაინულ მარცვლეულს დაბრკოლებები შეუქმნას. "რუსეთი საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ დეფიციტს თავისი მარცვლეულით ანაზღაურებს. ამავდროულად, დეფიციტის შექმნა ზრდის ფასებს, რაც მისთვის, როგორც ექსპორტიორისთვის, სასარგებლოა. მომავალ წელს მოსკოვის ბერკეტები სურსათის საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ომის შედეგად უკრაინის წილი კლებას გააგრძელებს, რუსეთის კი - პირიქით, გაიზრდება" - პროგნოზირებს კიევის ეკონომიკის სკოლის ექსპერტი.

იმუშავებს თუ არა "მარცვლეულის დერეფანი" რუსეთის გარეშე?
მიუხედავად ყველაფრისა, გენადი ივანოვი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს. გადამზიდავი დარწმუნებულია, რომ მარცვლეულის საზღვაო ექსპორტი უკრაინიდან არ შეჩერდება. "დერეფანს რუსეთის გარეშეც შეუძლია მუშაობა. ბოლოს და ბოლოს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი სავაჭრო გემებს ესვრის, რაც უნდა არაადეკვატური იყოს ის" - ამბობს ივანოვი. თუმცა DW-ს ყველა რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ "მარცვლეულის დერეფნის" სრულფასოვანი ფუნქციონირება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოსკოვი სამხედრო ბერკეტებს დაკარგავს.

დღის გადაცემები