13.12.2024 | 05:49
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საქართველოს მთავრობა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას უერთდება

საქართველოს მთავრობა უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით კოორდინირებული და კომპლექსური მიდგომით მუშაობას.

"მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წელს დამტკიცდა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია, რომელიც ქმნის ერთიან ჩარჩოს ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა ეროვნული სისტემისა და ინსტიტუციური დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ეროვნული სტრატეგია, სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებთან ერთად, მოიცავს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების განმტკიცების საკითხებს და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს.

გარდა ამისა, მიმდინარე წელს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებების ეფექტიანად გატარების მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შემუშავდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა ცალკე მდგომი „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების" და "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა" 2022-2024 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევის აუცილებელი წინაპირობაა საზოგადოების ცნობიერების, მგრძნობელობისა და თანამშრომლობის ჩარჩოების გაზრდა.

სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობა, პარტნიორებთან ერთად, ყოველწლიურად უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით. კამპანიას მსოფლიოს 187 ქვეყანა და 5000-ზე მეტი ორგანიზაცია აღნიშნავს. კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა.

დღის გადაცემები