19.04.2024 | 15:13
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების „მსოფლიოში აღიარებული წესი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩების კონფერენციაზე განცხადებას ავრცელებს და პროტოკოლური განლაგების წესს განმარტავს.

საგარეო უწყება წუხილს გამოთქვამს, რომ პროტოკოლური განლაგების "მსოფლიოში აღიარებული წესი" პრეზიდენტისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და იმედს იტოვებს, რომ ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში.

"ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ტრადიციულად გათვალისწინებულია ხელისუფლების უმაღლესი შტოს წარმომადგენელთა გამოსვლები. მიმდინარე წლის ამბასადორიალზეც განსაზღვრული იყო საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვები.

მაღალი რანგის სტუმრებისთვის ღონისძიებაზე განსაზღვრული იყო 4 ცენტრალური ადგილი, რა დროსაც, პროტოკოლით გათვალისწინებულ იქნა პრეზიდენტის კონსტიტუციური თანამდებობა და პრეზიდენტის ადგილი გამოყოფილი იყო ცენტრალურ სკამზე, პრეზიდენტის მარცხნივ გათვალისწინებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ხოლო მარჯვნივ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი.

პროტოკოლური განლაგების აღნიშნული წესი აღიარებულია მსოფლიოში და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის მიცემული განლაგება მიუღებელი აღმოჩნდა. იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული ტექნიკური ხასიათის გარემოება არ აღმოჩნდება დამაბრკოლებელი ფაქტორი საქართველოს პრეზიდენტისთვის მომავალში მონაწილეობა მიიღოს ქართველ დიპლომატებთან მაღალი დონის შეხვედრებში",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვებ-გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა არ მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე ადგილი ჰქონდა სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეშ დარღვევას, რაც გამოიხატა პრეზიდენტისთვის სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში.

"საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური. კონსტიტუცია სახელმწიფოში პრეზიდენტის ინსტიტუტს ანიჭებს უმაღლეს სტატუსს ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტთან მიმართებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია სახელმწიფო ინსტიტუტების ღონისძიებებში, მით უფრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მთავარ დიპლომატიურ კონფერენციაზე, სახელმწიფო და დიპლომატიური პროტოკოლის საყოველთაოდ აღიარებული და დამკვიდრებული წესების უხეში დარღვევა. ამგვარ დარღვევას, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა ელჩების კონფერენციის გახსნის ღონისძიებაზე და გამოიხატა ღონისძიების მასპინძლის მხრიდან საქართველოს პრეზიდენტისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დროს მისი სტატუსის შესაბამისი ადგილის არგანსაზღვრაში",- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

დღის გადაცემები