13.12.2024 | 02:28
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და გამრავლების საკითხები საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება

საქართველოს პარლამენტი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის საკითხში,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნესსუბიექტების - მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა.

"მიუსაფარი ცხოველების საკითხი ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისით შეუძლებელია, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით, მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტზე მსჯელობის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის ადამიანი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი აქვს, გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს. თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ, თუ ცვლილებებია საჭირო, ერთად განვიხილოთ, თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად შეიძლება გამოვყოთ ინოვაციური მიდგომა ცხოველთა მიკვლევადობის მიმართულებით, რაც ცხოველთა მიტოვებას და მათ უკონტროლო გამრავლებას მაქსიმალურად გამორიცხავს. კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლის და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისას და ასევე, ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით", - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მზადაა, ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს.

"მესმის, რომ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება ეს ყველაფერი და არ მოექცევა ჩარჩოში, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ, ძალიან მიხარია, რომ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა და მსჯელობაში ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს. ჩვენი მხრივ კი, მუნიციპალიტეტი მზადაა, გამოვყოთ თანხები, რათა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები პრობლემის მოსაგვარებლად", - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის გადაცემები