გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის მოწოდების დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს. ამის შესახებ, ტოკიოში ვიზიტისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, გერმანიის მთავრობა უზრუნველყოფს ენერგომატარებლების სამართლიან განაწილებას. ბერბოკის განცხადებით, რუსეთის ქმედებების პროგნოზირება შესაძლებელია, ამიტომ ყველა სცენარზე მუშაობა მიმდინარეობს.
დღეიდან რუსეთმა შეაჩერა ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადით", რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის. გაზსადენის ოპერატორი, კომპანია "გაზპრომის" შვილობილი Nord Stream AG მიზეზად ასახელებს "ყოველწლიურ გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას", რომელიც ოფიციალური შეტყობინების მიხედვით, 21 ივლისამდე გაგრძელდება და მიზნად ისახავს გაზსადენის "ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ექსპლუატაციას".
"ჩრდილოეთის ნაკადით" მიღებულ გაზზე დიდწილადაა დამოკიდებული ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის გერმანია, სადაც შიშობენ, რომ მიწოდება არც 21 ივლისიდან აღდგება. მილსადენი პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის წინა წლებშიც პერიოდულად ჩერდებოდა, თუმცა, ამჯერად, ეს ხდება უკრაინაში ომის ფონზე. ევროკავშირის სანქციებით და წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინის მხარდაჭერით უკმაყოფილო რუსეთი ევროპას არაერთხელ დაემუქრა ენერგეტიკული პრობლემების შექმნით.
14 ივნისიდან, რუსეთმა 40%-მდე შეამცირა "ჩრდილოეთის ნაკადით" ევროპაში გაზის ექსპორტი და მიზეზად ის დაასახელა, რომ კანადამ არ დააბრუნა ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. რუსული გაზის მიწოდების შემცირება ქმნის საფრთხეს, რომ ევროპის ქვეყნები ზამთრის მარაგით ვერ შეავსებენ საკუთარ საცავებს.