13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ვატიკანში წარმატების შემდეგ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო გუნდის სტატუსი ენიჭება

საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, ვატიკანში წარმატების შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდს სახელმწიფო სტატუსი ენიჭება და მას „საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი“ ეწოდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სსიპ საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში განახორციელებს საქმიანობას.

გუნდის მიზნებია: ქართული ტრადიციული გალობის, ქართული ხალხური და ახალი პროფესიული მუსიკის შესრულება, განვითარება და პოპულარიზაცია, ქართული ტრადიციული საგალობლებისა და ქართული ხალხური მუსიკის მოძიება-შესწავლა, ახალგაზრდა მგალობელ-მომღერალთა შემოქმედებითი აღზრდა და განვითარება, საშემსრულებლო დონის ამაღლება, გალობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების აღდგენა, ქართული გალობა-სიმღერის ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად აუდიო-ვიდეო ჩანაწერების შექმნა და გამოცემა.

კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხალხური ხელოვნების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და დარგის პოპულარიზაცია, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი კი ხელს შეუწყობს გუნდისთვის სათანადო პირობების შექმნას ზემოაღნიშნული მიზნების უკეთ განსახორციელებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო აქამდეც აქტიურად უჭერდა მხარს გუნდის მგალობლებს, მათ შემოქმედებით განვითარებასა და წარმატებას.

კერძოდ, მიმდინარე წელს უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, ინიციატივით, კულტურის სამინისტროს ძალისხმევითა და საქართველოში ვატიკანის ელჩის აქტიური მხარდაჭერით, 26-29 ივნისს სვიმონ ჯანგულაშვილისა და გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი ვატიკანში გაემგზავრა. ამ ვიზიტის ფარგლებში, პირველად საქართველოს ისტორიაში, სიქსტის კაპელაში ქართველი მგალობლების კონცერტი გაიმართა. გუნდმა ქართული საგალობლებისა და მრავალხმიანობის 20-მდე უნიკალური ნიმუში შეასრულა, ხოლო წმინდა პეტრეს ტაძარში, მას შემდეგ, რაც რომის პაპმა ფრანცისკემ პეტრეპავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მესა აღავლინა, ქართველმა მგალობლებმა სოლისტ იანო ალიბეგაშვილთან ერთად შეასრულეს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის, „ავე მარია“.

კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია მთელ მსოფლიოში გადაიცემოდა. წმინდა პეტრეს ტაძარში შესრულდა ქართული საგალობლებიც. ამ ვიზიტისას, გუნდის ვიზიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო, პროტოკოლური და ფინანსური საკითხები კულტურის სამინისტრომ უზრუნველყო.

იმავე პროექტის ფარგლებში, ვატიკანში გამგზავრებამდე, კულტურის სამინისტრომ მგალობელთა გუნდისთვის შეიძინა სასცენო სამოსი (38 პირის) და აქსესუარები. აღნიშნული პროექტისთვის სამინისტრომ 267 452 ლარი გამოყო.

დღის გადაცემები