18.04.2024 | 16:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი კობახიძე: "კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს"

ბუნებრივია, კანდიდატის სტატუსი პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, თუმცა საინტერესოა, რომ არავითარი მატერიალური პრივილეგიები კანდიდატის სტატუსს არ მოაქვს. აქედან გამომდინარე, კანდიდატის სტატუსის მიღების დროს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი LIVE" განაცხადა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, კანდიდატი, პოტენციური კანდიდატი და ასოცირებული ქვეყნები ევროკავშირისგან ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ.

"წარმოიდგინეთ მაგალითად, ყოველწლიურად რომ გვეზრდებოდეს დაფინანსება, რაც გვაქვს ახლა, 100 მილიონი ევრო რომ ხდებოდეს 200 მილიონი ან 150 მილიონი, რა თქმა უნდა, ნებისმიერი თვე შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი. პოტენციური კანდიდატი ქვეყნები და ასევე ასოცირებული ქვეყნები ზუსტად იგივე მატერიალურ სარგებელს იღებენ. რატომ არის ამის ხაზგასმა მნიშვნელოვანი, მთელი კამპანია წარმოებდა ნაცმოძრაობის წარმომადგენლების და მათი მედიასაშუალებების მხრიდან, თითქოს ხდებოდა დამატებითი ფინანსების გამოყოფა, ან სხვა მატერიალური სარგებლის გათვალისწინება კანდიდატი ქვეყნებისთვის, რაც იყო სრული ტყუილი. უფრო მეტიც, ჩვენ საბოლოო ჯამში ციფრებით ვამხილეთ, რომ ეს იყო ტყუილი. ამის შემდეგ აქციების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ქადაგიძე გამოვიდა და თქვა, რომ არათუ კანდიდატი იღებს ასოცირებულზე მეტ თანხასო, კანდიდატი ქვეყნები წევრ ქვეყნებზე მეტ თანხას იღებენო. ამ დროს წევრი ქვეყანა იღებს დაახლოებით ათჯერ მეტს, ვიდრე კანდიდატი და ასოცირებული ქვეყანა, ამ დონეზე იტყუებოდნენ", - განაცხადა მან.

კობახიძემ კომენტარი ევროკომისიის მიერ გაფართოების პაკეტის ანგარიშის გამოქვეყნების ახალ ვადაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ რეალურად საქართველოსთვის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებისთვის 6-თვიანი ვადის დაწესების უკან არანაირი ლოგიკა არ იდგა.

"უპრეცედენტო იყო ეს 6-თვიანი ცაიტნოტი. არცერთი ქვეყნის შემთხვევაში ასეთი რამ არასოდეს ყოფილა დადგენილი, ვგულისხმობ პოტენციურ კანდიდატ ან ასოცირებულ ქვეყნებს. ჩვენს შემთხვევაშიც გაუგებარი იყო რატომ იყო ამ 6-თვიანი ვადის დადგენის საჭიროება. როგორც ჩანს, დღეს გადაიაზრა ევროკომისიამ ეს ყველაფერი და საბოლოო ჯამში ყველაფერი გაჰყვა იმ ლოგიკას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს", - განაცხადა კობახიძემ.

დღის გადაცემები