13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "ჩვენ ვართ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "დიდი ცუდად მეტყველების ხანა", მასმედიის საშუალებებიც, ინტერნეტიც, პრესაც, სავსეა ამაო მეტყველებით - ღმერთმა ინებოს, დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა"

ღმერთმა ინებოს, რომ ამ დიდმარხვაში დავძლიოთ მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა - განვერიდოთ ყოველივე იმას, რაც ცოდვაა, რაც მანკიერია და შევუდგეთ სიწმინდის გზას, რაც მიმყვანებელია გადარჩენისკენ, სასუფევლისკენ, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი)დიდმარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა, რომ დღეს ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "დიდი ცუდად მეტყველების ხანა".

მეუფე შიოს თქმით, დღეს მასმედიის საშუალებებიც, ინტერნეტიც, პრესაც, სავსეა "ამაო მეტყველებით".

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დიდი მარხვის პირველი კვირის ოთხშაბათს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევას და დღეს მინდა კვლავ გესაუბროთ წმინდა ეფრემ ასურის ლოცვების შესახებ.

ამ ლოცვაში ჩვენ მივმართავთ უფალს, რომ განგვაშოროს ცუდად მეტყველების ცოდვას. "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობის მოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე", - ამბობს წმინდა ეფრემ ასური.

ცუდად მეტყველება - ეს არის ფუჭმეტყველება, ამაო მეტყველება, ეს არის ავსიტყვაობა, ეს არის ბილწსიტყვაობა და ა.შ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს არის რაღაც უმნიშვნელო ნაკლოვანება, ჩვენ ვართ ადამიანები და მეტ-ნაკლებად ყველანი ამით ვცოდავთ, მაგრამ ასე არ არის. შეგახსენებთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, რომ "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც ადამიანი იტყვის, პასუხს აგებს იგი განკითხვის დღეს". მართლაც, თუ გავიხსენებთ ჩვენს ცხოვრებას, რამ მოგვაყენა ყველაზე მეტი ტკივილი და მწუხარება, შეიძლება ვთქვათ, რომ ეს იყო სიტყვები - ან ჩვენ მიერ წარმოთქმული არასწორად, ცუდად და მტკივნეულად, ან სხვის მიერ ნათქვამი ჩვენთვის. დასმენა, ცილისწამება, ტყუილი, განკითხვა, ღალატი - ეს ყველაფერი რით ხორციელდება? - სიტყვით. აი, მარტო აქედან ჩანს, რა დიდი ძალა აქვს სინამდვილეში ცუდად მეტყველების ან ფუჭმეტყველების ცოდვას.

შეგახსენებთ ასევე წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვებს. იგი ამბობს, რომ "ველური ცხენის გახედნა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი ენის დამორჩილება და დაურვება". მართლაც, სიტყვით შეიძლება შეიქმნას დიდი ურთიერთობები, სიყვარული, გამოიხატოს სიბრძნე, გადმოიცეს მშვენიერება და ა.შ. და სიტყვითვე შეიძლება ეს ყველაფერი დაინგრეს.

დღეს ჩვენ ვართ ისეთ ეპოქაში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს "დიდი ცუდად მეტყველების ხანა". ჩვენ ვხედავთ, რომ მასმედიის საშუალებებიც, ინტერნეტიც, პრესაც, სავსეა აი, ამ ამაო მეტყველებით, ცუდად მეტყველებით და, შეიძლება ითქვას, თითქმის გაიგივებულია ამ ყველაფერთან. ამ დროს, თქვენ იცით, რომ სიტყვის ნიჭი - ეს არის ღვთისგან ბოძებული უმაღლესი ნიჭი ჩვენთვის, ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება, რომლითაც ჩვენ გამოვირჩევით პირუტყვებისგან. თავად ძე ღმერთიც კი "სიტყვად" იწოდება წმინდა სახარებაში. გახსოვთ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები, როგორ იწყება მისი სახარება, რომ "პირველითგან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყვა იგი". ე.ი. "სიტყვა" ეწოდება თავად ღმერთს, მეორე ჰიპოსტასს. აი, ამიტომ არის, რომ ასე მძაფრად აღიქვამს წმინდა ეკლესია ამ ცოდვას, წარმოაჩენს მას, როგორც ერთ-ერთ უდიდეს ცოდვას.

აი, ეს ყველაფერი უნდა გვახსოვდეს და გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ, თუ რატომ არის, რომ წმინდა ეფრემ ასური სხვა ყველაზე დიდ ბოროტებასთან ერთად, როგორებიცაა უქმობა, მოწყინება, მთავრობისმოყვარება, ასახელებს სწორედ ფუჭმეტყველებასაც, ამაო მეტყველებას, ცუდად მეტყველებას.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ ამ დიდმარხვაში დავძლიოთ ეს მძიმე ვნება ცუდად მეტყველებისა, სადაც საჭიროა, დუმილი შევძლოთ და სადაც საჭიროა მეტყველება, იქ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ეს დიდი ნიჭი მეტყველებისა და სიტყვიერებისა.

უფალმა ინებოს, რომ განვერიდოთ, საერთოდ, ყოველივე იმას, რაც ცოდვაა, რაც მანკიერია და შევუდგეთ სიწმინდის გზას, რაც მიმყვანებელია გადარჩენისკენ, სასუფევლისკენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნისამდე, ამინ”,- აცხადებს მეუფე შიო, რომლის ქადაგების ტექსტსაც პრესსამსახური ავრცელებს.

დღის გადაცემები