13.12.2024 | 02:23
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მეუფე შიო: "ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის - აზრები, სურვილები, მისწრაფებები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რაც ღმერთს არ მოსწონს, ყველაფერი უნდა უარვყო"

ყველაფერი ქრისტიანის ცხოვრებაში დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან, ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო განმარტავს, აზრები, სურვილები, მისწრაფებები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რაც ღმერთს არ მოსწონს, ის "ყველაფერი უნდა უარვყო".

"ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს - ჯვრის თაყვანისცემის კვირას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს არის დღე, როდესაც ყოველი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია წმინდა ჯვარი, როგორც ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი სულიერი გამარჯვების სიმბოლო, ვინაიდან განკაცებულმა ძე ღმერთმა, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი ნებსითი ჯვარცმით იტვირთა კაცობრიობის ცოდვები და მოგვიტანა ჩვენ მარადიული სიცოცხლე, გამარჯვება ეშმაკზე, სიკვდილსა და ცოდვაზე.

და აი, ვუმზერთ პატიოსან ჯვარს, რომელზეც არის გაკრული უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჩვენ ცოდვილთათვის და ვიხსენებთ ამ დიდი სიყვარულის, თავგანწირული სიყვარულის ღვაწლს და ამას ვეთაყვანებით. უფალს და მის სიყვარულის ღვაწლსაც თაყვანს ვცემთ. ამით წმინდა ეკლესია გვახსენებს ამ ყველაფერს და ასევე გვაფიქრებს იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ სანაცვლოდ, რას ვაკეთებთ ქრისტესთვის, იმიტომ რომ ყველაფერი, რაც კი წმინდა ეკლესიაში იმოქმედება, კეთდება ქრისტეს გულისთვის, იმღვდელმოქმედება თუ იმოქმედება - ყოველივე, რაც არის ეკლესიაში (მაგრამ არა მხოლოდ ტაძრის კედლებში, არამედ ტაძრის გარეთაც), ყველაფერი ქრისტიანის ცხოვრებაში დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიასთან, ეკლესიურ ცხოვრებასთან. როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: "სჭამთ თუ სვამთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი ღვთის დიდებისთვის აკეთეთ".

ამრიგად, ყოველი მიზანი ქრისტიანის ცხოვრებაში, საერთოდ, ყველაფერი, თუ შეიძლება ასე ითქვას, უნდა იყოს გაეკლესიურებული, დაკავშირებული ეკლესიურ ცხოვრებასთან, ვინაიდან ამაში მდგომარეობს ქრისტიანობა.

და აი, დღეს წაკითხული იყო უფალ იესო ქრისტეს ასეთი სიტყვები: "ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და შემომიდგეს". დღეს ვფიქრობთ ამ სიტყვებზე, რას ნიშნავს საკუთარი თავის უარყოფა? ეს ნიშნავს, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ქრისტიანმა უნდა იცხოვროს არა საკუთარი თავისთვის, არამედ ღმერთისთვის, როდესაც ყველაფერი ჩემში - ჩემი აზრები, სურვილები, მისწრაფებები, რაც ეწინააღმდეგება ღვთის ნებას, რაც ღმერთს არ მოსწონს, ის ყველაფერი უნდა უარვყო.

ერთხელ წმინდა ბასილი დიდს ჰკითხეს: "ვინ არის ის ადამიანი, რომელიც ღვთის ნებით ცხოვრობს?" და მან უპასუხა: "მხოლოდ ის ადამიანი, ვინც მიიღო ეს წინადადება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ეს შეთავაზება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ "ვისაც უნდა, გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს". მხოლოდ ასეთი ადამიანი ცხოვრობს ღვთის ნებით, ღვთის ნებით არის მომართული მისი ცხოვრება, მისი სული, რატომ? იმიტომ, რომ თუ ამას ადამიანი არ გააკეთებს, ასე არ განეწყობა, შემდგომ საკუთარ თავში პოულობს ძალიან ბევრ წინააღმდეგობას ქრისტესადმი შედგომის გზაზე.

აი, ასეთ სიტყვებს ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი. მარხვა კი არის ასეთი უპირველესი ნაბიჯი ამ თავშეკავებისა, საკუთარ თავზე უარის თქმისა. ყველაზე უფრო ადვილი წვრთნაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომ "აი, მინდა, მაგრამ უარს ვამბობ". ასე ვიწვრთნები და ასე ვსწავლობ, ვვარჯიშობ, თუ შეიძლება ითქვას, ამაში და ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანი შემდგომ ქრისტესთვის უარყოფს საკუთარ თავს, იმიტომ რომ, საბოლოო ჯამში, მთავარი ეს გახლავთ - ადამიანმა იცხოვრა და მოკვდა თუ არა ქრისტესთვის. როგორ იცხოვრა მან, ეს არის ღმერთისთვის უმთავრესი; უარყო თუ არა ადამიანმა საკუთარი თავი სახარებისა და ქრისტესთვის. ეს სიტყვები დღესაც ასევე იყო სახარებაში, იმიტომ რომ სწორედ ქრისტესადმი შედგომაში მდგომარეობს ჩვენი სულის გადარჩენა.

ამიტომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ ეს სიტყვები უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლებიც დღეს იყო წაკითხული: "ვისაც უნდა, რომ მომყვეს, უარყოს თავი თვისი, აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე", ვინაიდან, ვიმეორებ, სწორედ ამ შედგომაში არის ჩვენი სულის გადარჩენა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, წმინდა ჯვრის ძალამ დაგიფაროთ, თქვენი ოჯახები, ჩვენი ქვეყანა, ჯვრის ძალითა და მადლით გადაარჩინოს, გაამთლიანოს და გააძლიეროს.

ჯვარსა შენსა თაყვანის ვცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ, ამინ!

ჩვენთან არს ღმერთი!", - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.

დღის გადაცემები