27.04.2024 | 06:20
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პრეზიდენტი: "2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას ერთიანობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან აგვეცილებინა დღევანდელი აგრესია - იმ დროს ევროპის ერთიანობა, ალბათ, დაგვაკლდა"

ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა 2008 წლის აგვისტოსა და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდელის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. ევროპის ერთიანობა, იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია.

"როგორც საქართველოს პრეზიდენტი, უკვე მესამედ ვარ ლიეტუვაში. მეორე ოფიციალური ვიზიტია ვილნიუსში, რაც საქართველო - ლიეტუვას მეგობრობისა და პარტნიორობის განსაკუთრებულობაზე მიუთითებს. ჩვენი, ორი ქვეყნის ისტორია გუშინ არ დაწყებულა და გავლილი გვაქვს არაერთი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის. რამდენიმე დღეში საქართველოში გავიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს, მაგრამ ასევე, ჩვენ არ გაგვიწყდება 1989 წლის 23 აგვისტო, ბალტიის გზა, რომელიც, როგორც ჩვენი 9 აპრილი, ასახავდა თქვენი ხალხის მიდრეკილებასა და მისწრაფებას, რომ ეს დამოუკიდებლობა მოეპოვებინათ და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლება, საშუალება, რომ გვევლო ევროპულ გზაზე. ამ გზაზე, თქვენმა ქვეყანამ ჩვენზე ადრე მიაღწია მიზანსა და შედეგს. ეს გვაძლევს საფუძველს გულწრფელად, პარტნიორულად და მომავალი მხარდაჭერის იმედით ვისაუბროთ ერთად და ყველა საკითხზე, რამეთუ საქართველოს მეგობრებისა და იმ ქვეყნების გარეშე, რომელთაც გავლილი აქვს ეს ძალიან რთული გზა, არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია დაიწყო და უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ომმა იმსხვერპლა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე. ბუჩა, მარიუპოლი, ხერსონი, ბახმუტი, ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია უსასტიკესი აგრესიის და შეუპოვარი გამძლეობის, რაც გვაჩვენა უკრაინელმა ხალხმა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, მან საქართველოსა და ქართველი ხალხის სრული სოლიდარობა გამოხატა უკრაინისადმი, რომელმაც, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველოსავით მძიმე წარსული გაიარა.

"ამ ომმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო ვერც ჩვენთან ჩატარებულმა 1992-1993 წელს რუსულმა აგრესიამ, ვერც 2014 წელს ყირიმში, ვერც 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიამ და იმპერიალისტური ამბიციების ჩვენებამ. მთელი ევროპისთვის ნამდვილი სახე, რაც არის რუსეთის სახე დაანახა მსოფლიოს [უკრაინამ].ეს არის პირველი და უდიდესი მიღწევა უკრაინელი ხალხის ბრძოლის.

ისტორიას უკან ვერ დავაბრუნებთ, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოში და 2014 წლის ყირიმის აგრესიის დროს, საერთაშორისო თანამეგობრობას დღევანდლის მსგავსი ერთიანობა და სოლიდარობა რომ გამოეჩინა, შესაძლოა, თავიდან ყოფილიყო აცილებული დღევანდელი ძალიან მძიმე აგრესია. მე თქვენი ქვეყნის მხარდაჭერა და თანადგომაც მახსოვს, 2008წლის აგრესიისა და ომის შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო მთლიანად ევროპის ერთიანობა, რომელიც იმ დროს, ალბათ, დაგვაკლდა.

დღეს ამ ომის შედეგად, მსოფლიო იყოფა რეალურად ორ ბანაკად. საზოგადოება იყოფა ორ ბანაკად. ვისაც სჯერა, რომ დაუმარცხებელი არავინაა და სჯერა, რომ უკრაინამ უკვე ერთგვარად გაიმარჯვა, გაიმარჯვა მორალურად, გაიმარჯვა იმიტომ, რომ რუსეთმა ომის მიზნებს ვერ მიაღწია და გაიმარჯვა იმიტომ, რომ თავის ტერიტორიებს დაიცავს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ როცა დადგება სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო, რაც უკრაინის და მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი იქნება, რუსეთმა უნდა გაიგოს, სად არის მისი საზღვრები და ეს არის ყველას ერთიანი მიზანი - რუსეთი, ერთხელ და სამუდამოდ, დაუბრუნდეს თავის ტერიტორიას და შეწყვიტოს მეზობლების ტერიტორიების ოკუპაცია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის გადაცემები