20.04.2024 | 04:32
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი "უცხოური გავლენების შესახებ" კანონზე: "ვეტოს დავადებ! - ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აპირებს, "უცხოური გავლენების შესახებ" კანონს, მიღების შემთხვევაში, ვეტო დაადოს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა გენდერული თანასწორობისთვის ყოველწლიურ პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს ევროპასთან აშორებს.

"რადგან აქ ბევრი არასამთავრობოა, იმისთვის, რომ ჟურნალისტები ერთად არ დამესიონ, ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კანონის, რომელიც ახლა განიხილება. არ შევალ ამ კანონის განხილვაში. ვეტოს დავადებ! მე სამართლებრივი პოზიცია არ მაქვს, რომ ეს ან ის მუხლი არ ვარგა. ეს კანონი არის იმისთვის, რომ ევროპასთან დაგვაშოროს. ამდენად, ჩემთვის მიუღებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში "ხალხის ძალის" მიერ უცხოური გავლენების შესახებ ორი კანონპროექტია ინიცირებული - "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ".

"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონის პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე.

რაც შეეხება კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ის უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

დღის გადაცემები