24.04.2024 | 11:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ზარქუა: "ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ "ნაცების" ნარატივში ჩაჯდეს - ადამიანი არის არაადეკვატურობა"

ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ "ნაცების" ნარატივში ჩაჯდეს - ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, უნდა შეიწყალოს თუ არა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

ზარქუა პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული პატიმრების შეწყალებას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ყველა ადამიანმა, საზოგადოებაში არსებული სტატუსის მიუხედავად სასჯელი უნდა მოიხადოს.

"ჩვენი პოზიცია მარტივია, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მიდგომაა, რომ მან უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე როგორც პატიმარ გვარამიაზე. კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით პატიმრობა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს - რა გითხრათ, ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, რომ „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს. იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი - თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო - ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ თქვა, "არა და არასდროსო", არ გამოვრიცხავ [შეწყალებას], ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში, ქალბატონ პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელსაც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. ქალბატონ სალომეს მართებს, რომ ინსტიტუცია დაიცვას. ასე შეურაცხყოფდნენ და ამის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ ვიცი.

რაც ჩანს ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც, პირდაპირ დარტყმაა, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს - კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს.

ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა - მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. დაწერონ ამ დალოცვილებმა, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის გადაცემები