13.12.2024 | 05:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრეზიდენტმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა 29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ეკიპაჟის წევრები, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის, მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და მას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები სამაშველო ოპერაციისას დაღუპულთა ოჯახის წევრებს გადასცა.

დაჯილდოვდნენ: საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მომზადების დარგში, მფრინავი ზაზა ლორია. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს თვითმფრინავების სატრანსპორტო ესკადრილიის (სამსახური) მთავარი სპეციალისტი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი დიმიტრი ქააძე, სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, ბორტ-ტექნიკოსი-ინსტრუქტორი ლევან ჩოხელი, სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს შვეულმფრენების ესკადრილიის (სამსახური) წამყვანი სპეციალისტი, ბორტ-მექანიკოსი-ოპერატორი ანდრო ქუჯოშვილი, სამოქალაქო უსაფრთხოების უმცროსი ლეიტენანტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს ინსპექტორი გიორგი მარგიანი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კახა ტორჩინავა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის ექიმი გიორგი ვენეცკი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პირველი ფილიალის უმცროსი ექიმი ქეთევან გულაღაშვილი.

პრეზიდენტმა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"პირველ რიგში, მინდა მივესალმო ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახებს და მათი დიდი მწუხარება გავიზიარო, რომელიც მხოლოდ მათი მწუხარება არ არის, ეს მთელი ქვეყნის მწუხარებაცაა.

მინდა, მივესალმო ბატონ შინაგან საქმეთა მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს და პატივცემულ საზოგადოებას!

ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ გმირებს. თავდადება ამას ჰქვია, როცა შენ თავს გასწირავ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს არის, ალბათ, ადამიანის უმაღლესი ღირსება, როცა შეგიძლია, თავი გასწირო სხვისი სიცოცხლისთვის. ჩვენ ეს არასოდეს უნდა დავივიწყოთ! დღევანდელი ღონისძიება სწორედ იმის ნიშანია, რომ სახელმწიფო არ დაივიწყებს მათ, რითიც აჩვენებს, რომ ყველა ადამიანის სიცოცხლე და ცხოვრება მნიშვნელოვანია და ყოველი ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ყოველთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღარ მოხდეს, ალბათ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, იმისათვის, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად იყოს დაცული. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ტურისტული ქვეყანა ვართ. ტურიზმი ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება კიდევ უფრო უკეთესად უნდა იყოს დაცული და ყველანაირი ინფრასტრუქტურული ზომები იყოს მიღებული.

მე ვიცი, რომ უკვე გეგმაშია ახალი ვერტმფრენების შეძენა და ეს ალბათ, ძალიან საჭირო და ძალიან სწორია.

მე ახლახან ვიყავი სვანეთში, არ შეიძლება არ გავიხსენო ხერგიანი და სხვა ძალიან ცნობილი ალპინისტები, ასევე, სამთო-სათხილამურო სპორტის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებლები არიან, ქვეყნისათვის, რომელსაც ღმერთმა კავკასიის მთები არგუნა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშველთა კორპუსი, მათი აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო გამართული უნდა იყოს, რომ ყველა რისკებისგან ვიყოთ მაქსიმალურად დაცული.

და კიდევ ერთი, დღეს მთელი მსოფლიო ძალიან დიდი გამოწვევის წინაშეა, რომელიც კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება და რომელსაც საშინელი ხანძრები, ან წყალდიდობები ახლავს თან. აქაც ჩვენი მაშველები და მფრინავები ყოველდღიურ, გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, რომ ჩვენ საზოგადოება უკეთესად ვიყოთ დაცული.

ამისთვის ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღევანდელი დღე სწორედ მათი გმირობის გახსენების დღე იყო. ეს ძალიან რისკიანი პროფესიებია, მათ შორის ექიმები, რომლებიც ასევე, მონაწილეობდნენ ამ სამაშველო ოპერაციაში.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს ისინი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად, რისკების შესამცირებლად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შესაძლებელია"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს სამაშველო ოპერაციაში დაღუპულთა დაჯილდოებისა და დაფასებისთვის, პრემიერ-მინისტრსა და პატრიარქს კი - მათი ოჯახების მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.

დღის გადაცემები