13.12.2024 | 02:26
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თეა წულუკიანი: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე: ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, გაგვცენ პასუხი - რატომ?!"

სიტყვა "აგენტი" გააჩნია ვის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ყურს სჭრის. მე ეს სიტყვა ყურს მჭრის. თუ მხოლოდ ამ ტერმინზეა საუბარი, ეს სხვა საკითხია. დანარჩენი, რაც მე წავიკითხე, ქართული კანონპროექტი, ყველაფერი ეხება იმას, რომ არასამთავრობო სექტორს, თუ მათი შემოსავლის 20% არის უცხოეთიდან მომდინარე, გიჩნდება ვალდებულება, რომ დეკლარირდე, მაგრამ საქმიანობა არ გეკრძალება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა "ხალხის ძალის" მიერ წარდგენილ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ რუსული კანონი წაკითხული არ აქვს. "ჩემი ფუნქცია არ არის კანონები ვადარო, მე კანონმდებელი არ ვარ და ისიც არ მახსოვს, ბოლოჯერ რუსულ ენაზე როდის წავიკითხე რამე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ენა მე ძალიან კარგად ვიცი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მთავარია, გვინდა თუ არა არასამთავრობო სექტორში გამჭვირვალობა,

"ვისაც გამჭვირვალობა არ უნდა, გაგვცენ პასუხი - რატომ?! ეს არ ეხება ფიზიკურ პირებს. დღეს, არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენს ქვეყანაში არცერთი კანონი არ ავალდებულებს, რომ თავისი შემოსავლების ​ დეკლარირება გააკეთოს.

თუ სახელმწიფოს წინაშე, კანონით არ გაქვს რაიმე ვალდებულება, სახელმწიფო ვერ შემოგივარდება ვერც სახლში, ვერც ტელევიზიაში და ვერც ორგანიზაციაში. ეს შევარდნები იყო ადრე.

ჩვენ ვართ იმ რეალობაში, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ არის მოწადინებული, რომ ჩართული იყოს სახელმწიფოს მართვაში. თუ შენ გინდა სახელმწიფოს მართვაში ჩართული იყო, თუ მე, ხელისუფლებას უნდა მიბრძანო რა გავაკეთო, უნდა გქონდეს რაღაცა ტიპის ანგარიშვალდებულება იმ საზოგადოების წინაშე, რომლის სიკეთისთვისაც შენ გინდა მართო საჯარო პროცესები, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

14 თებერვალს "ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი დააინიცირა.

21 თებერვალს კი "ხალხის ძალის" ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

დღის გადაცემები