25.04.2024 | 21:17
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი: "ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ხოლო მოლდოვა მეტად რთულ სიტუაციაში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება"

„ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მიგვეღო - ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამის თანამონაწილე ხართ თქვენ ყველა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერი ინტერპელაციის წესით იმყოფება.

მისი თქმით, უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი ავანსად იმის გამო მიიღო, რომ უკრაინა ომშია, ხოლო მოლდოვა ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაშია.

მისივე შეფასებით, საქართველო, 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერი სახელმწიფოა.

"რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას. არავინ არ დაობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით. არ მინდა ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში. ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, დაახლოებით იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. ანუ, მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. ჩვენს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები, ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა, ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობით და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად.

ასე, რომ მე ვფიქრობ, თუ ადამიანი მართლაც მტრულად არ არის განწყობილი საკუთარი ქვეყნის წინაშე, ამ კითხვას არ უნდა სვამდეს. ყველასთვის ნათელია რა იყო მთავარი მოტივაცია რის გამოც არ მიეცა ავანსად სტატუსი.

"ქართულმა ოცნებამ" გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, ხოლო თქვენ გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი - ეს იყო შეთქმულება და ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ და ამის თანამონაწილე ხართ თქვენ ყველანი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის გადაცემები