23.04.2024 | 18:53
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელისგან არ გაათავისუფლა და არც გადაუვადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. აღნიშნულით არევაძემ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

"დასრულდა განხილვა, შეგახსენებეთ, რომ ჩვენ, დაახლოებით, 15 სხდომა ჩავატარეთ და დავკითხეთ 24 მოწმე. კარგად ცნობილია საქმის მასალები, შუამდგომლობის ფორმაც, მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაც, შესაბამისად მოგახსენებთ გადაწყვეტილებას, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ინტერესების დამცველი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან განჩინების აღსრულების გადავადების შესახებ, არ დაკმაოფილდეს. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში", - განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას ყოფილი პრეზიდენტის ახლობლებისა და მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს, რის შემდეგაც, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობას პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ და როგორც იურისტმა ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

აბრამიშვილის თქმით, სასამართლოში წარდგენილი დასკვნა სარწმუნო ინფორმაციას არ იძლეოდა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის სიმძიმესთან დაკავშირებით და ის ვერ დაედებოდა საფუძვლად სასჯელის მოხდის გადავადების საკითხს.

თავის მხრივ, დღეს ადვოკატები მოსამართლეს მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებისკენ და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებდნენ. შალვა ხაჭაპურიძემ მოსამართლეს შეახსენა, რომ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა მოსამართლის ხელში იყო.

ადვოკატების განმარტებით, მოსამართლეს საკუთარი გადაწყვეტილებით შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა და საფუძველი დიდ შერიგებისთვის ჩაეყარა.

არც სხდომას და არც გადაწყვეტილების გამოცხადებას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი დისტანციურადაც არ დასწრებია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვეა, განიხილავს.

დღის გადაცემები