13.12.2024 | 02:40
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" - საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების დასამალად

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ივნისს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო კორუფციასთან ბრძოლაში ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა. საქართველოს მთავრობა ხშირად იყენებს საერთაშორისო რეიტინგების არასწორ ინტერპრეტაციას ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების დასამალად, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის ცნობით, "მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა".

"პრემიერი ამჯერადაც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" 2021 წლის "კორუფციის აღქმის ინდექსის" (CPI) მონაცემებს იმოწმებდა. მან თქვა, რომ CPI-ის მიხედვით საქართველო 2012 წელს 51-ე ადგილას იყო, ხოლო 2021 წელს 45-ე ადგილასაა, თუმცა, არ უხსენებია, რომ მთავარი განმსაზღვრელი ინდექსში მიღებული ქულაა.

საქართველოს შემთხვევაში კი ქულა 2012 წლის შემდეგ საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა - 2012 წელს ქვეყანას 100-დან 52 ქულა ჰქონდა, ხოლო 9 წლის შემდეგ, 2021 წელს 55 აქვს, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. 55 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. მან თქვა, რომ საქართველო ასოცირების ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით უპირობო ლიდერია. CPI-ის შეფასებით, საქართველოს მართლაც აქვს უკეთესი შედეგი, რაც დიდწილად წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონითაა განპირობებული. თუმცა, მექრთამეობის წინააღმდეგ წარმატებული რეფორმები 18 წლის წინ ჩატარდა და ვერ ჩაითვლება დღევანდელი ხელისუფლების მიღწევად. CPI-ის ქულები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი ამბიციის რეფორმები ბოლო 9 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. ამასთან, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით, CPI მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში იყენებს ტერმინ "სახელმწიფოს მიტაცებას", რაც პრემიერ-მინისტრს ასევე არ უხსენებია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ საქართველოში კორუფციის უმწვავეს გამოვლინებაზე – სახელმწიფოს მიტაცებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2019 წელს დაიწყო, როდესაც სახელმწიფოს მიტაცება ქვეყანაში გამოხატული დემოკრატიული უკუსვლის ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

2021 წლის CPI-ის შედეგების გაანალიზებისას კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ამბობდა: „მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა. მისმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი", - ნათქვამია "საერთშორისო გამჭრვალობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის გადაცემები