13.12.2024 | 02:30
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნაზი ჯანეზაშვილი: "ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის"

სხვა გარდამტეხი შესაძლებლობა უახლოეს მომავალში არ გვექნება, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის, - ამის შესახებ "სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელმა, ნაზი ჯანეზაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, საქართველოს შეექმნება პრობლემები ევროინტეგრაციის პროცესში.

"დღეს ჩვენთვის ყველაზე მთავარი პრობლემა სასამართლოს დამოუკიდებლობაა. სხვა რაღაცებზეც შეგვიძლია საუბარი, მაგრამ თუ სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, ბევრი იდეა იქნება განუხორციელებელი. თუნდაც ბევრი სხვადასხვა ცვლილებებიც რომ განხორციელდეს, დარჩება მხოლოდ ფურცელზე. ამიტომ, მაქვს მოლოდინი და სურვილი - ეს არის შანსი ჩვენთვის. ევროკავშირი გვიყენებს პირობებს, რომ თუ ჩვენი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამართული სისტემა, პრობლემები გექნებათ კანდიდატის სტატუსთან და ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში. თუ ხელისუფლებას აქვს სურვილი, რომ ევროინტეგრაციის პროცესი იყოს წარმატებული, მათ აუცილებლად უნდა გადადგან ნაბიჯები - სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში აუცილებლად უნდა დასრულდეს. კლანი და ევროკავშირი ერთმანეთთან თავსებადი არ არის" - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, რეფორმა ნიშნავს კონცეპტუალურად ძალიან დიდ ცვლილებებს.

"რეფორმა ასევე ნიშნავს საზოგადოების მხრიდან მოლოდინს ნიშნავს, რომ რაღაც გარდამტეხი მოხდება თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მიმართებით. რადგან ყველაფერი 6 თვეში ვერ მოესწრება, კარგი იქნებოდა, თუკი პარლამენტი გადადგამდა სამომავლოდ სერიოზულ ნაბიჯს იმ მიმართულებით, რომ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპოზიცია და შემადგენლობა. დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობაში მოსამართლე წევრები არიან. როგორც ვხედავთ, ეს მოდელი აჩენს კითხვებს, რადგან ძირითადად გადაწყვეტილებები მიიღებოდა და მიიღება ყოველთვის მათი მხრიდან. 10 ხმაც ყოველთვის ჰქონდათ და როდესაც საჭირო იყო, რომ მოსამართლე დაენიშნათ, ერთი არამოსამართლე წევრის დამატებით პრობლემა არ იყოს. ჩემთვის იქნებოდა დიდი რეფორმა, თუკი შეიცვლებოდა შემადგენლობა, თუმცა დღეს ეს რეალისტურად არ მეჩვენება, რადგან 6 თვეში ეს ვერ განხორციელდება. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ამაზე დისკუსიები უნდა დაიწყოს" - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის გადაცემები