13.12.2024 | 00:44
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრემიერ-მინისტრი: "რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა"

დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც "ქართული ოცნების" დაფუძნებიდან 11 წლისთავს ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი.

"დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა "ქართული ოცნების" თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა, კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, - წერს ღარიბაშვილი.

დღის გადაცემები