13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე: "გვარამიას განაჩენის გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობაში შემხვდა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელი, რომელმაც მითხრა, ელჩს აინტერესებს რატომ გამოვიყენე თავისუფლების აღკვეთის ზომა"

"მას შემდეგ, რაც მოვისმინე ევროპარლამენტარ მაიკლ გალერის განცხადება სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, სადაც ის, ჩემი შეფასებით, პირდაპირ ზეწოლას ახდენს სასამართლოზე და აშკარად მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს, ანუ 19 ივლისს, როცა სასამართლო სხდომაა ჩანიშნული, პირველივე განხილვაზე გაამართლოს გვარამია და ამით გამოასწოროს ძველი შეცდომები (ანუ რომელიც მე თითქოსდა დავუშვი), გადავწყვიტე გავაკეთო შემდეგი განცხადება:

როგორც ცნობილია, ბატონი გალერი გერმანელი პოლიტიკოსია და წლებია ევროპარლამენტის წევრია და უბრალოდ ჩემთვის საინტერესოა, საკუთარ ქვეყნის მოსამართლეებზე თუ მოახდენდა ამგვარ ზეწოლას და მათთვის პირდაპირი მითითებების მიცემას, კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შედეგთან დაკავშირებით? და რაც მთავარია, რა რეაქციები მოჰყვებოდა მის ასეთ ქმედებას მისსავე სამშობლოში? აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავ შემდეგს:

რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენიც და ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც არანაირი პირადი და მით უფრო, პოლიტიკური ინტერესი არ გამაჩნია ბრალდებულების მიმართ, თუმცა, ჩემი შეფასებით, ევროპარლამენტარ გალერის განცხადება არის პირდაპირი ზეწოლა ჩემს კოლეგებზე, რომლებმაც უნდა განიხილონ საქმე ზემდგომ ინსტანციაში და რომლებზეც უკვე ღია ზეწოლა იწყება და რომელიც აუცილებლად გაძლიერდება (ამის პირადი გამოცდილება სამწუხაროდ გამაჩნია).

მას შემდეგ, რაც მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით, რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით, ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში (სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ, ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი.

ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა, რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ. დაბოლოს, მინდა მოვუწოდო პოლიტიკურ პარტიებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ სასამართლოზე ზეწოლისაგან და მოსამართლეებს მიეცეთ საშუალება, მართლმსაჯულება განახორციელონ მშვიდ გარემოში და გადაწყვეტილებები მიიღონ საქართველოს კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე." - აღნიშნავს ლაშა ჩხიკვაძე.

დღის გადაცემები