13.12.2024 | 02:31
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ელჩი: "თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული - ორ მოქალაქესთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს"

თურქეთში საქართველოს ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოშია გადმოსვენებული.

მისივე ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით კვლავ მიმდინარეობს.

"თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD). აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის, ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქალაქ გაზიანთეპსა და ქალაქ ისქანედრუნში. საელჩო აქტიურად მუშაობს, სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ყოველდღიურად იმატებს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი. თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით," - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ელჩის კომენტარს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დღის გადაცემები