13.12.2024 | 05:50
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ნაცმოძრაობის" მეორე ადგილზე გაყვანით "ოცნება" დაგეგმილ რევოლუციას მიიღებს!"
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ რევოლუციურ სცენარზე ისაუბრა. ინაშვილის განცხადებით, მთელი ამ დღეების განმავლობაში სააკაშვილის მოკავშირეების მხრიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება საქართველოს ხელისუფლებაზე, ამ ზეწოლის მიზანი კი, 31 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ მეორე ადგილზე გაყვანა და არარსებული 19%-ის დაწერაა. მისივე თქმით, თავისი გეგმა აქვს "ნაცმოძრაობასაც" და ისინი მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში დაიწყებენ მტკიცებას, რომ პირველ ადგილზე არიან და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა. ინაშვილის განცხადებით, ამ მომენტიდან რევოლუციური სცენარი დაიწყება, რომელზეც როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ. ვიცე-სპიკერის თქმით, იმისათვის, რომ ჩვენი შვილების მომავალი ხელში მწამებლებსა და პოლიტიკურ კომედიანტებს არ ჩაუვარდეთ, ამომრჩეველმა მხარი "პატრიოტთა ალიანსს" უნდა დაუჭიროს.
"ჩვენ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ მთელი ამ დღეების განმავლობაში სააკაშვილის მოკავშირე ამერიკის ძალოვანი სტრუქტურების ცალკეულ წარმომადგენელთა მხრიდან ძალიან დიდი და სერიოზული ზეწოლა ხდება საქართველოს ხელისუფლებაზე. ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის ტრამპის მოწინააღმდეგეთა და კრამერ-ბრაიზას ხაზი, რომლებმაც დიდი ხანია თავი მოაბეზრეს საქართველოს. ამ ზეწოლის მიზანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" 31 ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" ისევ მეორე ადგილზე გაიყვანოს და არარსებული 19% დაუწეროს. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა ტიპის გაყალბებული რეიტინგების მიზანმიმართული გავრცელება, რომლებშიც "ნაცმოძრაობას" თითქოსდა 19% აქვს. იგივე პროცენტს უწევს პოპულარიზაციას "ქართული ოცნების" დასაყრდენი და მოკავშირე ტელეარხი "იმედი", რაც სინამდვილეში არის ტყუილის ტირაჟირება და ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. ჩვენს ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახორციელებს, ერთი მხრივ, "ნაცმოძრაობა" და მისი მოკავშირე პოლიტიკური ჯგუფები და, მეორე მხრივ, "ქართული ოცნება". ეს ხდება მაშინ, როდესაც ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის და საქართველოს ხელისუფლებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ "ნაცმოძრაობის" რეალური რეიტინგი მხოლოდ 2,5%-ია! ჩვენ უტყუარი მტკიცებულებები დავდეთ ამის თაობაზე.
ჩვენ, პრაქტიკულად, არჩევნებამდე აუდიო არჩევნები ჩავატარეთ და 900 000 აუდიოჩანაწერი დავდეთ და მინდა გითხრათ, რომ ეს არის უტყუარი მტკიცებულებები, საიდანაც მკაფიოდ ჩანს, რომ "ნაცმოძრაობას" არა აქვს 2,5%-ზე მეტი რეიტინგი. ეს ინფორმაცია ჩვენ მივაწოდეთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, აშშ-ის ყველა კონგრესმენს და სენატორს, ევროდეპუტატებს და განვაგრძობთ ამ უტყუარი მტკიცებულებების გავრცელებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება მოქცეულია "ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პატრონების მხრიდან შანტაჟის ქვეშ, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და ნამდვილად გეგმავს "ნაცმოძრაობის" მეორე ადგილზე გაყვანას. მთელს ამ გეგმაში არის მეორე ეტაპი და "ნაცმოძრაობასაც" აქვს თავისი სტრატეგია. მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში, სააკაშვილი დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მეორე ადგილზე კი არა, პირველ ადგილზეა და თითქოსდა მან მოუგო "ქართულ ოცნებას". ამ მომენტიდან დაიწყება რევოლუციური სცენარი, რომელზეც ღიად საუბრობენ, როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ არავითარი რევოლუციის, გადატრიალების მოწყობის რესურსი, არც ადამიანური და არც ტექნიკური, "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს! 2,5 პროცენტი არის მისი რეალური რეიტინგი! ეს ამ წუთებშიც ძალიან კარგად ჩანს, თავისუფლების მოედანზე გეგმავენ აქციას და 3 000 სკამი აქვთ დადგმული. დღეს თავისუფლების მოედანზე მაქსიმუმ 5 000 ადამიანი შეიკრიბოს და გამოაცხადებენ, რომ 50 000 ადამიანი შეიკრიბა და დილიდან ჩვენ სწორედ ეს ციფრი გვესმის. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ არენაზე კომედიანტებს, რომლებიც ცდილობენ დადგან პოლიტიკური სპექტაკლი და ზემოქმედება მოახდინონ ამომრჩეველზე!
მე მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", კარგად გააცნობიეროს გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ. გააცნობიეროს, რა შეიძლება მოჰყვეს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლას და "ნაცების" მეორე ადგილზე გატანას, რაც მას არ ეკუთვნის. ჩვენ ვართ ძალა, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", რომელსაც ყველაზე მეტი მხარდაჭერა აქვს ხალხის და ჩვენ ეს არაერთხელ ვაჩვენეთ! სულ ცოტა ხნის წინ თავისუფლების მოედანზე არავითარი სკამები ჩვენ არ დაგვიწყვია და 30 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა! ჩვენ გვაქვს ადამიანური და ტექნიკური რესურსი, რომ რევოლუცია კი არ მოვაწყოთ, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით დავიცვათ ჩვენი ხმები და ამ პროცესში თუ გაბედავენ ჩვენი ხმების გაყალბებას, პოლიტიკური არენიდან, ყველას ვარწმუნებ, რომ ჩვენ სწორედ ამ გზებით - მშვიდობიანი და დემოკრატიული გზებით გავიყვანთ ორივეს - "ნაცმოძრაობასაც" და მის მოკავშირე "ქართულ ოცნებასაც". ეს არის ინფორმაცია, რომელიც მინდოდა მომეწოდებინა თქვენთვის და მეთქვა, რა იგეგმება ამ დღეებში, თუმცა, ამ ყველაფერს ამომრჩეველი ისედაც კარგად ხედავს.
ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ გვყავს წყაროები და ვიმეორებ, რომ დაგეგმილია "ნაცების" მეორე ადგილზე გაყვანა კი არა, გატანა და 19%-ის დაწერა, რაც ბუნებაშიც არ არსებობს! ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამით კი არ დაკმაყოფილდება, რომ დაშანტაჟებული "ქართული ოცნება" მას მეორე ადგილზე გაიყვანს, დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ის პირველ ადგილზეა და მას გაუყალბეს არჩევნები და ჩაირთვება რევოლუციური სცენარი. ამაზე ღიად საუბრობენ როგორც "ნაციონალები", ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები.
თქვენ მკითხეთ, თუ ვინ უჭერს "ნაცმოძრაობას" მხარს, ჰოდა გპასუხობთ - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული წარმომადგენლების ხაზი - ტრამპის მოწინააღმდეგეთა და კრამერ-ბრაიზას ხაზი. სწორედ აქედან ხდება ზეწოლა და შანტაჟი საქართველოს ხელისუფლების. კობახიძე საჯარო გამოსვლებისას ადასტურებს, რომ ისინი ფლობენ ინფორმაციას სააკაშვილის პროვოკაციული გეგმების თაობაზე. სწორედ ამ საჯარო განცხადებებს ვეყრდნობი მეც და ეს ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, რომ დაშანტაჟებული "ქართული ოცნება" გაიტანს მეორე ადგილზე "ნაციონალურ მოძრაობას". მაშინ ისინი გადავლენ რევოლუციურ სცენარზე და "ნაცმოძრაობა" იტყვის, რომ მას არჩევნები გაუყალბეს და ეს არ აკმაყოფილებთ. მაგრამ ხაზს ვუსვამ, 2,5% -ის მქონე პოლიტიკურ მწამებელთა ჯგუფს არავითარი ადამიანური რესურსი არა აქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში რევოლუცია ან გადატრიალება განახორციელოს. ეს არის პოლიტიკური სპექტაკლის და შანტაჟის ნაწილი, ესენი არიან კლასიკური ტიპის შანტაჟისტები და კომედიანტები.
ხაზს ვუსვამ - ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი", ვართ ამ ქვეყანაში ძალა, რომელსაც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. მე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს მადლობა გადავუხადო, დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, ჩვენ მზად ვართ, ვართ მობილიზებულები, ყველგან შეგვიძლია ჩვენი ხმების დაცვა და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ იმას, რომ ჩვენი გამარჯვება მიიტაცოს "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ქართული ოცნების" დახმარებით. 19%, რომელსაც უწერენ სხვადასხვა გამოკითხვებში "ნაცმოძრაობას" - ეს რეალურად ჩვენთვის წართმეული ხმებია!
კიდევ ერთხელ მინდა "ქართულ ოცნებას" მოვუწოდო - გამოიჩინეთ, ბატონებო, გონიერება! მიხვდით და გააცნობიერეთ, რა ხდება თქვენს გარშემო! ძალიან ბევრი პრობლემა იყო წინაასარჩევნოდ, ჩვენ პრაქტიკულად წართმეული გვქონდა საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება. ერთი მხრივ, ხელი შეგვიშალა პანდემიამ და ხელისუფლების მხრიდან გაზვიადებულმა კამპანიამ კოვიდთან დაკავშირებით და რეალურად ვერც ერთი პარტია საარჩევნო შეხვედრებს ვერ მართავდა. მეორე მხრივ, იყო ზეწოლა ჩვენს კანდიდატებზე სხვადასხვა რაიონებში "ქართული ოცნების" ადგილობრივი სტრუქტურების მხრიდან - ეს არის როგორც გამგეობები და მერიები, ისე სუსი და ა.შ. ასევე ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიყავით საინფორმაციო ბლოკირების ქვეშ. პრაქტიკულად, იარლიყების მიკერების პროცესი მიმდინარეობდა ჩვენს წინააღმდეგ! ჩვენ რეალურად ჩვენი პარტიის გეგმებზე და პროგრამებზე კი არ ვსაუბრობდით, გამოდიოდა, რომ პასუხს ვცემდით ცრუ ბრალდებებს. თქვენ, არ ვიცი, იცით თუ არა, დღეს სააკაშვილის ტელევიზიამ გაავრცელა რაღაც ფურცელი, უბრალო ფარატინა ფურცელი და არა რაღაც დოკუმენტი, სადაც ჩამოწერილია თითქოსდა გერეუს თანამშრომლების სია. აქ შედიან როგორც "ქართული ოცნების" მინისტრები, ასევე სამღვდელოების წარმომადგენლები და, როგორც მითხრეს, ვწერივარ მეც. მართლა მეცინება, უბრალოდ სიგიჟეს და ფსიქიატრიულ შემთხვევებსაც კი აქვს რაღაც ჩარჩო და საზღვარი. ჯერ ინტერნეტში დახატული ცხრილი წარმოადგინეს და ამტკიცებდნენ, რომ 8 მილიონი ავიღეთ და აქედან არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ არავითარი 8 მილიონი ჩვენ არ აგვიღია და ეს დავამტკიცეთ კიდეც, მათ კი ვერაფერი დაგვიმტკიცეს! დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ რაღაც გერეუს გეგმა არსებობს და რაღაც განზრახვები აქვს მას და კონკრეტული ადამიანები - სააკაშვილისთვის მიუღებელი ხალხია იქ ჩამოწერილი - ისინი, ვინც სააკაშვილს მტრად ყავს გამოცხადებული: "ქართული ოცნების" მინისტრები, სამღვდელოება, მე და კიდევ სხვა ადამიანებიც არიან ამ სიაში. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ეს არის სასაცილო და კლინიკური შემთხვევა, რასაც ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ! ეს არის სააკაშვილის დაწერილი რაღაც სცენარი, რომელიც სინამდვილეში რაღაც ფურცელია და არა რამე დოკუმენტი! ხალხს და საზოგადოებას მინდა ვთხოვო დაკვირვება მთელი ამ პროცესის! ეს არის ხალხი, სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, რომელიც არასდროს შეიცვლება! ღმერთმა არ ქნას, ისინი თუ შეძლებენ და მოახერხებენ, ინტერნეტში დახაზული ცხრილით დაგიჭერენ, მთელს საქართველოს დაიჭერენ! ასე აცხადებდნენ რუსეთის ჯაშუშებად და აგენტებად საქართველოს მოსახლეობის 99%-ს, როცა ხელისუფლებაში იყვნენ და ეს სტილი დღესაც არ დაუკარგავთ! დღესაც სააკაშვილის დაწერილი სცენარით სხვებს აცხადებენ გერეუს აგენტებად, თვითონ აგენტები და ქართული მიწის ჩამბარებლები, კოდორის და ახალგორის უომრად ჩამბარებლები, ქართველ ხალხს აცხადებენ რუსეთის და გერეუს აგენტად!
მთავარი მოწოდება, რაც მე მინდა დღეს გავაჟღერო ჩვენი საზოგადოებისადმი, არის ის, რომ დაინახეთ ვითარება, გააანალიზეთ! ჩვენი საზოგადოება არის ძალზედ გონიერი საზოგადოება! არასდროს არ შეიცვლება არც სააკაშვილი და არც ბოკერია და თუ მივუშვით, ის წამება მოგონილი იქნება! ყველანი ფხიზლად და მობილიზებულები უნდა ვიყოთ! უნდა მივიდეთ არჩევნებზე! ჩვენს ამომრჩეველს ვეუბნები, დაგვიჭირეთ მხარი ჩვენ, თუ არ გვინდა ჩვენი შვილების მომავალი ხელში მწამებლებსა და პოლიტიკურ კომედიანტებს ჩაუვარდეთ!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები