13.12.2024 | 05:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი - "ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ გამარჯვება წაგვართვან!"
პარლამენტის ვიცე-სპიკერი და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო გარემოზე ინფორმაცია მიაწოდა. ირმა ინაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ჩატარებულ აუდიო არჩევნებს შეეხო და ვიცე-სპიკერმა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 900 000-ზე მეტი აუდიოჩანაწერი გადასცა, რაც უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ "პატრიოტთა ალიანსს" მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს და მისი რეალური რეიტინგი 23%-ია. ინაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილის მოკავშირეების მხრიდან სერიოზული ზეწოლა ხორციელდება საქართველოს ხელისუფლებაზე, ამ ზეწოლის მიზანი კი, 31 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" მიერ "ნაციონალური მოძრაობის" ისევ მეორე ადგილზე გაყვანა და არარსებული 19%-ის დაწერაა. მისივე თქმით, თავისი გეგმა აქვს "ნაცმოძრაობასაც" და ისინი მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში დაიწყებენ მტკიცებას, რომ პირველ ადგილზე არიან და "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა. ინაშვილის განცხადებით, ამ მომენტიდან რევოლუციური სცენარი დაიწყება, რომელზეც როგორც "ნაცმოძრაობის", ისე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკვე ღიად საუბრობენ. ვიცე-სპიკერის თქმით, "პატრიოტთა ალიანსი" არჩევნების გაყალბების უფლებას არავის მისცემს და არჩევნებში გაიმარჯვებს.
"დღეს ევროსაბჭოს, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეათა სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას საარჩევნო გარემო იყო მთავარი თემა, შეკითხვებიც ამის გარშემო დაისვა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ აუდიო არჩევნებზე, რომელიც "საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა" ჩაატარა. გადავეცით სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 900 000-ზე მეტი აუდიოჩანაწერი - ეს უტყუარი მტკიცებულებაა იმის დასადასტურებლად, რომ არავითარი 60% "ქართულ ოცნებას" არ აქვს და არავითარი 12% თუ 19% "ნაციონალურ მოძრაობას" არა აქვს, რაც დადასტურდა კიდეც გუშინ თავისუფლების მოედანზე, როდესაც მათ 5000 ადამიანიც კი ვერ შეკრიბეს მთელი საქართველოდან. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" აქვს ჩვენი მოსახლეობის ყველაზე მეტი მხარდაჭერა და ჩვენი რეალური რეიტინგი 23%-ია. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი ამომრჩეველი არის მოტივირებული და ის აუცილებლად მივა არჩევნებზე და გააკეთებს არჩევანს "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" სასარგებლოდ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხაზი გავუსვით იმას, რომ არსებობს რისკები. ეს რისკები მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ინფორმაციით, დღეს არის ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ, პრაქტიკულად ეს არის შანტაჟი და ამ შანტაჟს საქართველოს ხელისუფლებაზე ახორციელებს აშშ-ის ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლები - ეს არის ტრამპის მოწინააღმდგეთა ხაზი. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ ზეწოლას ახორციელებს კრამერი-ბრაიზას ხაზი და მათი მოთხოვნაა, რომ 2,5%-ის რეიტინგის მქონე "ნაცმოძრაობას" "ქართულმა ოცნებამ" დაუწეროს 19% და გაიტანოს მთავარ ოპოზიციურ ძალად. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, "ნაციონალური მოძრაობა" არ დაკმაყოფილდება - ის დაიწყებს მტკიცებას იმისას, რომ პირველ ადგილზე გავიდა და არაგელიტიმურია ეს არჩევნები და ჩაირთვება რევოლუციური სცენარი, რასაც არ უარყოფს თავად სააკაშვილი და რის შესახებაც ინფორმაციას ფლობს "ქართული ოცნება". ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო "ქართულ ოცნებას", გამოიჩინოს გონიერება, კარგად გაანალიზოს ეს პროცესი და არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებაროს ამ შანტაჟს. ამ არჩევნებში იმარჯვებს "პატრიოტთა ალიანსი"! ჩვენ არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს გამარჯვება წაგვართვან!" - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დღის გადაცემები