13.12.2024 | 05:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდელებს მიმართავს
"პატრიოტთა ალიანსის" ზუგდიდის მერობის კანდიდატი ილია ჩაჩიბაია ზუგდიდელებს მიმართავს.
"ჯგირობუა თქვან!
მოგესალმებით, ჩემო ზუგდიდელებო! მე ილია ჩაჩიბაია ვარ, 32 წლის, ზუგდიდის მერობის ყველაზე ახალგაზრდა კანდიდატი. დავიბადე და გავიზარდე ამ ქალაქში. მაქვს პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ვხელმძღვანელობდი არაერთ ორგანიზაციას და მედია-საშუალებას. კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო პროგრამები გავლილი მაქვს ევროპაში. 17 წელია, ვაშუქებ ზუგდიდის მოსახლეობის პრობლემებს და ვცდილობ მათ მოგვარებას. ვიცი, რომ კარგად გახსოვთ ჩემი ბრძოლა სამართლიანობისთვის და დაპირისპირება უსამართლო ჩინოვნიკებთან, ამიტომ ბიოგრაფიაზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ.
გადის წლები და რიგითი ზუგდიდელებისთვის არაფერი უმჯობესდება. ჩვენს წინაშეა უამრავი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც ენერგიული მერის ჩარევას მოითხოვს. ხელმოკლე ოჯახები შიმშილის ზღვარზე არიან; უპერსპექტივობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ ქალაქს, ხშირ შემთხვევაში კი ქვეყნიდანაც მიემგზავრებიან; ტოტალიზატორებმა, სლოტ-კლუბებმა, ლომბარდებმა და ბანკებმა ადამიანებს მომავლის იმედი დაუკარგა (შეგახსენებთ, ზუგდიდში ძირითადად ეს ბიზნესი ვითარდება). დაიხურა ზუგდიდის კინოთეატრი და ამავე შენობაში გაიხსნა კაზინო; თხილის და ციტრუსის ფასი დაბალია, ფერმერის ხარჯი კი მაღალი; პანდემიის პირობებში პაციენტები უყურადღებობას უჩივიან; ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეებს არა აქვთ ღირსეული სამუშაო პირობები და ამასთან ერთად მათ საგადასახადო უწყება ავიწროებს; საქართველოს გამთლიანება სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, ეს ხომ ერთადერთი ქალაქია ადმინისტრაციულ საზღვართან, აფხაზებთან ჩვენი ურთიერთობები კი, ტრადიციულად, მჭიდროა.
სამწუხაროდ, ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა საკმარისი არ აღმოჩნდა ამ მძიმე ვითარების დასაძლევად. ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც დიდი ენთუზიაზმით დავთანხმდი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ შემოთავაზებას, მონაწილეობა მივიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში. პირობას გაძლევთ - არ დარჩება არც ერთი ზუგდიდელი, რომელსაც ჩემთან შეხვედრა ენდომება და ამას ვერ შეძლებს. ვიქნები თქვენს გვერდით, როდესაც დაგჭირდებით და, მერის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოგიგვარებთ ყველა პრობლემას. ჩვენს გუნდს არასდროს მოუტყუებია საზოგადოება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. თუ არ ვიმოქმედეთ, თუ არ ვიბრძოლეთ და ახალგაზრდებს შანსი არ მივეცით, ამ ქალაქში ყველაფერი ძველებურად დარჩება, ამიტომ გთხოვთ, მხარი დამიჭიროთ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ზუგდიდის საკრებულოს წევრობის კანდიდატების გამორჩეული სია აქვს წარმოდგენილი, რომელთა შორის არიან როგორც ახალგაზრდები, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლები. თქვენ კარგად იცნობთ ღირსეულ ზუგდიდელებს - იზოლდა ხასიას, რამაზ ჩაჩიბაიას, დარეჯან მაქაცარიას და სხვებს, იცით, რომ ისინი შეუპოვრად იბრძოლებენ თითოეული თქვენგანის უფლებებისთვის. ჩვენ ვიცით, როგორ დავუბრუნოთ თვითმმართველობა ხალხს.
ჩემმა ოჯახმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული გმირის - ზვიად გამსახურდიას და ეროვნული მოძრაობის სიყვარული ბავშვობიდან მასწავლა და ახლა, როდესაც შევდივარ ამ უთანასწორო ბრძოლაში, მახსენდება მერაბ კოსტავას სიტყვები: „ჩვენ გავიმარჯვებთ! მართალია, ეს ნაბიჯი არის საფრთხით აღსავსე, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ!“. მიორთ მანგარო!" -წერს ილია ჩაჩიბაია თავის მიმართვაში.
დღის გადაცემები