13.12.2024 | 05:38
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით თარხან-მოურავი: "რიგგარეშე არჩევნები კარგი ამბავია ახლა"

"პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ამბობს, რომ რადიკალური ჯგუფების სპეკულირება კანდიდატის სტატუსის ირგვლივ ძალიან ცუდად აისახება საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებაზე. მისივე თქმით, ამაში მმართველი პარტიის ბრალიც არის, რადგან სწორედ "ოცნებამ" გააცოცხლა თავის დროზე სრულიად მკვდარი "ნაციონალური მოძრაობა". "რიგგარეშე არჩევნები კარგი ამბავია ახლა და "ნაცმოძრაობა", საერთოდ, პოლიტიკურად უნდა განიდევნოს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

"რას მოგვცემს კანდიდატის სტატუსი, სინამდვილეში არავინ ვიცით. წევრობა რას გვაძლევს, მესმის. წევრებს გამოეყოფათ გარკვეული თანხები, არის ფულადი დახმარება, თუმცა რის ფასად, ამას კიდევ გარკვევა უნდა. თუმცა, კანდიდატის სტატუსი რას იძლევა, საერთოდ არავინ იცის. ახლა ბჭობა მიდის, გავხდებით კანდიდატი, თუ ვერ გავხდებით. სავარაუდოდ, ვერ გავხდებით - ვერც საქართველო, ვერც უკრაინა, ვერც მოლდოვა. მაგრამ ამ პროცესში გამოიკვეთა სხვა მოვლენები. აქ არის დიდი სპეკულაციები. სხვადასხვა ხალხი, ვთქვათ, სააკაშვილის პარტიის გარშემო გაერთიანებული - ფაქტები არსებობს, რომ ჩადიან იქ და პირდაპირ ამბობენ: "საქართველოს არ მისცეთ კანდიდატის სტატუსი". ეს არ ნიშნავს, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი დანაშაული არ მიუძღვნის. ჯერ ერთი, ხელისუფლებამაც ვერ იმუშავა. ყველაფრის გადაბრალება "ნაცმოძრაობაზე" არაფერს მოგვცემს. ეს რამდენიმე რამის ბრალია; პირველი - თავი და თავი არის ხელისუფლება, რომელმაც სრულიად მკვდარი "ნაციონალური მოძრაობა" გააცოცხლა და 8-9 წელი ვებრძოლეთ, რომ ნუ აცოცხლებთ. მაინც გააცოცხლა, სრულიად დაუმსახურებელი პროცენტები უწერა. სააკაშვილის მომხრე ყველა პარტია, რომელსაც ნულოვანი პროცენტები ჰქონდა, პარლამენტში შეიყვანა. ამას 9 წელი აკეთებდა. ახლა თხარა ორმო და, ბოლოს და ბოლოს, შიგ თვითონ ჩავარდა. ეს ერთი პრობლემაა.

მეორე პრობლემაა თვითონ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც დადასტურებულია, დამტკიცებულია, რომ გაყიდა კოდორი და ახალგორი. დამტკიცებულია, რომ დარბის ევროპაში და იძახის - არ მისცეთ საქართველოს სტატუსი. ამას ნიღბავს ერთი რამით - ყველას რუსეთის აგენტს ეძახის, ყველას ლანძღავს. ვინც ამბობს, რომ რუსეთთან მშვიდობა გვინდა, ომი არ გვინდა, ყველას აგენტს ეძახის. თვითონ არის ყველაზე დიდი აგენტი და აი, ამ ნიღბის ქვეშ მოქმედებს. ანუ, ორი პრობლემაა: ხელისუფლება და "ნაც-მოძრაობა". ახლა დიდ ორმოში ჩავარდა ხელისუფლება. პრობლემებია ევროკავშირთან, ქვეყანაში წარმოუდგენელი პრობლემებია, შიმშილია ფიზიკურად, "ნაციონალური მოძრაობა" კი ცდილობს, არეულობები მოაწყოს. ძლივს ომს გადავურჩით. კიდევ არ ვიცით, ბოლომდე გადავურჩით თუ არა. 

უნდა გამოფხიზლდეს ხელისუფლება, თუ ამას მოასწრებს. მეორეა, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რიგგარეშე არჩევნები კარგი ამბავია ახლა და "ნაცმოძრაობა", საერთოდ, პოლიტიკურად უნდა განიდევნოს, იმიტომ რომ არც არსებობს და არც მხარდამჭერი ჰყავს. საერთოდ მის ირგვლივ არსებული პარტიები უნდა განიდევნონ პოლიტიკიდან. ჩვენ კი არ უნდა გვებრძოდეს ხელისუფლება, "ნაცმოძრაობას" უნდა ებრძოდეს", - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის გადაცემები