13.12.2024 | 05:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი: "ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას თავად დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები გაეტარებინა"

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა დევდარიანმა განაცხადა. "პირველი, ვინც დაიწყო საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ომში ჩათრევის რეალური შანსი და საფრთხე არსებობს, "პატრიოტთა ალიანსი" და "პატრიოტთა ერთიანი ფრონტი" იყო. ეს იმდენად ნათელი იყო, რომ მხოლოდ მაშინ არ დაინახავდი, თუ არ გინდოდა. დავუშვათ, დასავლეთის ქვეყნებს არ უნდოდათ საქართველოს ომში ჩათრევა,  მაგრამ უკრაინის ხელისუფლებას ხომ ნამდვილად უნდა და ეს არაერთხელ ხმამაღლა განუცხადებია. ჩვენი ე.წ. ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ ნაწილს რომ ქვეყნის ომში ჩათრევა უნდოდა, ესეც ხომ ნათელი იყო მათი განცხადებებიდან. დავანებოთ თავი დასავლეთს, მაგრამ მხოლოდ ომის ფაქტორი ხომ არ არის. აქ არის მეორე  მნიშვნელოვანი ფაქტორი - სანქციები, რომელსაც საქართველო არ შეუერთდა და სრულიად მართებულად არ შეუერთდა. ისევ და ისევ სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისა და დანაშაულის გამო ფაქტობრივად აღმოვჩნდით ისეთ ვითარებაში, რომ სანქციებით ჩვენ უფრო დავზარალდებოდით, ვიდრე რუსეთი. ეს ელემენტარული რამაა - ის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდით მოყეფარი ქოფაკის როლში, როგორც, მაგალითად, უკრაინის ხელისუფლება. საქართველოში ტყუილად ჰგონიათ, რომ კანდიდატის სტატუსი რაიმეს რეალურად შეცვლის, აბსოლუტურად არაფერი არ შეიცვლება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ პოლიტიკური სტაბილურობა. არ მოხდეს მორიგი მცდელობა დესტაბილიზაციის, იმიტომ რომ ეს ქვეყანას არაფერს კარგს არ მოუტანს. ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული ოპოზიცია და ქვეყნის მტრები, რომ არეულობა გვინდოდეს. ზოგიერთებს ხელის მოთბობა და მღვრიე წყალში თევზის დაჭერა უნდათ, მაგრამ ჩვენ ამაზე ორიენტირებულები არ ვართ. ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ ამ შექმნილი მდგომარეობიდან. ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას თავად დაენიშნა ვადამდელი არჩევნები, მაგრამ მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებები გაეტარებინა", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

დღის გადაცემები