27.04.2024 | 04:15
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°, პოლ.H, სიხშირე 11135 MHz (MPEG2) და 11094 MHz (MPEG4)
პირდაპირი ეთერი:
+995 32 2 388 105
obieqtivi2
obieqtivi.info@gmail.com
დღის სიახლეები
პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობა [ვიდეო]

საქართველოს სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით  სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა.

 

ნინო ლომჯარიას თქმით, უკანასკნელი თვეების განმავლობაში და დაწესებულებების ადმინისტრაციის და ე.წ. „ციხის მაყურებლების“ მიერ მართული პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.

 

"ამ უკანონო ქმედებების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციისა და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდა: 2020 წლის 31 ოქტომბერს და შემდგომ, განმეორებით, 2021 წლის 14 იანვარს ქსნის N15 დაწესებულებაში, სადაც პატიმართა კონკრეტულმა ჯგუფმა სახალხო დამცველის თანამშრომლებს არ მისცა ჯერ საარჩევნო უფლების რეალიზების პროცესზე დაკვირვების, შემდგომ კი დაწესებულების ექიმთან გასაუბრების საშუალება. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც N15 დაწესებულების ერთ-ერთი პატიმარი რამდენიმე დღის წინ კოვიდ 19-ის გართულებებით გარდაიცვალა და არაერთი პატიმრის ოჯახის წევრმა მოგვმართა პატიმრების მონახულების თხოვნით.

 

2020 წლის 4 დეკემბერს და 2021 წლის 13 იანვარს გლდანის N8 დაწესებულებაში ერთი და იგივე პატიმარი დაემუქრა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს და ციხეში ვიზიტის შეწყვეტა მოთხოვა. N8 დაწესებულება დახურული ტიპის ციხეა და ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული პატიმარი ყოველთვის მაშინ გადაადგილდება ციხის კონკრეტულ ტერიტორიაზე, როდესაც ჩვენი თანამშრომლები დაწესებულებაში ვიზიტს ახორციელებდნენ.

 

რუსთავის N17 დაწესებულებაში 2021 წლის 13 იანვარს სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან აგრესიულად იქცეოდა პატიმართა კონკრეტული ჯგუფი, რომლებიც ასევე მოითხოვდნენ, რომ სახალხო დამცველს შეეწყვიტა ვიზიტები, ვინაიდან ციხეში „ყველაფერი კარგად იყო“. გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს ციხეებში ვიზიტების დროს ციხის ადმინისტრაციების მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ რეალური საფრთხე, სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

 

მაშინ როდესაც პატიმართა დაახლოებით ნახევარი სასჯელს ნახევრად ღია (N14, N15 და N17) დაწესებულებებში იხდის, სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მცირდება იქიდან შემოსული მომართვები და განცხადებები.

 

2020 წელს შემოსული საერთო 1384 განცხადებებიდან, მხოლოდ 57 იყო ზემოაღნიშნული სამი ციხის პატიმრების მიერ გამოგზავნილი. აღნიშნული ე.წ. კრიმინალური სუბკულტურის გავლენაა და პატიმართა უამრავი პრობლემა სამწუხაროდ არ ხმაურდება. სხვა ციხეებში ჩვენს მიერ გამოვლენილი დარღვევების ზოგადი აღწერაც კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემის მასშტაბებს, რომელსაც პატიმრები ყოველდღიურობაში აწყდებიან და რომლის გამოც მნიშვნელოვანია ჩვენი პროაქტიული მუშაობა ნახევრად ღია დაწესებულებებში: ვავლენთ პატიმართა მიმართ სავარაუდო ძალადობის შემთხვევებს და მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს ეფექტიანი გამოძიების წარმართვის მიზნით, შემდეგ კი ვახდენთ საქმისა და პატიმრის უსაფრთხოების მონიტორინგს; ვეხმარებით პატიმრებს თვეობით და წლობით გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებების მიღებაში; ვსაუბრობთ დეესკალაციის ოთახებში კვირების განმავლობაში მოთავსების უკანონო და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკაზე, ასევე ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე; ვსაუბრობთ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების სისტემის ხარვეზებზე, კომისიის გადაწყვეტილებების არათანამიდმევრულობასა და დაუსაბუთებლობაზე, პატიმრების საზიანოდ გამოთვლილ ვადებზე; ვეხმარებით პატიმრებს ხმა მიაწვდინონ შესაბამის უწყებებს, ვავლენთ შემთხვევებს, როდესაც დაწესებულება „კარგავს“ გასაგზავნ წერილებს, ვეხმარებით პატიმრებს დაიბრუნონ უსაფუძვლოდ ჩამორთმეული ნივთები; ვავლენთ ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებისას უკანონო ფაქტებს, ხოლო პენიტენციურ სისტემაში მყოფი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიის პირები, რომელთაც, მაგალითად, გენდერული იდენტობის ან სექსუალური ორიენტაციის გამო სასტიკი მოპყრობის შიში აქვთ, გარესამყაროს მხოლოდ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან ვიზიტის მეშვეობით უკავშირდებიან“- განაცხადა ლომჯარიამ.

დღის გადაცემები