13.12.2024 | 08:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულთა სასამართლო 2 მარტს განახლდება [ვიდეო]

დავით გარეჯის საკითხზე ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე არსებითად განსახილველად გადაიცა. ამასთან, მოსამართლემ ბრალდებისა და დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. საქმეს ასევე დაერთო დავით გარეჯის თემაზე ივერი მელაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერებში გაკეთებული განცხადება. 

 

სასამართლო პროცესზე მხარეებს წარმოდგენილი ჰქონდათ შუამდგომლობები გარკვეული მტკიცებულებების დასაშვებასა და დაუშვებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ დაცვის მხარე ითხოვდა რუკაზე ჩატარებული ექსპერტიზის დაუშვებლად ცნობას. მელაშვილისა და ილიჩოვას ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას არ იზიარებენ და მიაჩნიათ, რომ ამ დრომდე კითხვაზე არ არსებობს პასუხი 1: 200 000 მასშტაბის რუკები არის თუ არა ვარგისი. გიორგი მშვენიერაძე მოსამართლის გადაწყვეტილებას ურთიერთგამომრციხავს უწოდებს.

 

კარტოგრაფი თენგიზ გორდეზიანი ამბობს, რომ სადემილიტაციო- სადემარკაციო კომისის წევრები რომელი კარტოგრაფიული წყაროებითაც მუშაობდნენ მცდარია. ამბობს, რომ საზღვრის დადგენაზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა 1:500 000 მასშტაბით ე.წ. ლურჯი სინჯი, რომელზეც რელიეფი არ ჩანს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარტოგრაფები საზღვრის დემარკაციას ვერ შეძლებენ. კარტოგრაფთა ასიციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს 1: 200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა. გორდეზიანი 1996 წელს მიღებულ ოქმსაც იხსენებს, სადაც ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის შეთანხმებას იხსენებს და მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის სადავო მონაკვეთებში საზღვრის დასადგენად 1938 წელს ენკავედეს ეგიდით დაბეჭდილი რუკა უნდა გამოიყენონ.

ილიჩოვასა და მელაშვილის საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა, 28 იანვარს კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დღის გადაცემები